ლევან ბეჟაშვილი - ამოავსეს პრაქტიკულად ყველა ნორმა, რაც ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის დროს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა
ლევან ბეჟაშვილი - ამოავსეს პრაქტიკულად ყველა ნორმა, რაც ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის დროს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა

„ქართულმა ოცნებამ“ მის მიერ მომზადებული ცვლილებებით ის ხვრელები ამოავსო, რაც ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეულ საშუალებებს აძლევდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობის განსაზღვრა „ქართული ოცნების“ დიქტატის ქვეშ მიმდინარეობს.

„სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი ცვლილებები მოამზადა, რომელიც ითვალისწინებს წინა არჩევნებში რაც პრობლემა ჰქონდათ ოპოზიციისგან, იმ ხვრელების ამოვსებას, რაც ოპოზიციას რაღაცის საშუალებას აძლევდა საარჩევნო კამპანიის დროს. პრაქტიკულად, ბევრად უფრო დამძიმებული გარემო ვნახეთ. იგივე სატელევიზიო რეკლამებზე განსაზღვრულია, როგორი რეკლამები უნდა აწარმოო. ნეგატიური საარჩევნო კამპანია 25 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ დიქტატის ქვეშ საარჩევნო კანონმდებლობის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს ისედაც გაუარესებულ საარჩევნო გარემოს. ჩვენი მთავარი მიზანია, ისეთი კანონმდებლობა მივიღოთ, რაც უზრუნველყოფს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, სადაც დისბალანსია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე სარეკლამო დროის განაწილებაზე.

„პარტიის სახელწოდების შერჩევაზეც კი შეზღუდვა დააწესეს. პრაქტიკულად, ყველა ნორმა, რაც ოპოზიციას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა საარჩევნო კამპანიის დროს, ამოავსეს და კოდექსი სათავისოდ მოირგეს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.