ლექსო ლაფანაშვილი „ბენფიკასთან“ მატჩის წინ - გპირდებით, თსუ ბოლომდე იბრძოლებს #1TVSPORT
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც გასული სეზონის საქართველოს ჩემპიონია, ევროთასებზე ითამაშებს. 5-წლიანი პაუზის შემდეგ საერთაშორისო ტურნირს ქართული გუნდი უბრუნდება. თსუ მონაწილეობას მიიღებს ფიბა-ს უმაღლესი რანგის საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპში და წარმატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდება.
თუკი თსუ-მ ვერ მოახერხა საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა, რანგით დაბლა მდგომ ტურნირში – ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს და მისი მეტოქეებიც უკვე ცნობილია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში საასპარეზოდ 23 სექტემბერს თურქეთში გაემგზავრება, სადაც ქალაქ ანტალიაში 24 გუნდი შეიკრიბება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 3 საგზურისთვის იბრძოლებს. თსუ არის ჩემპიონთა ბადეში, რომელშიც ასევე 7 ქვეყნის ჩემპიონი მოხვდა: ბენფიკა (პორტუგალია), ლევიცე (სლოვაკეთი), აეკ ლარნაკა (კვიპროსი), კალევ-კრამო (ესტონეთი), ბაკენ ბიარსი (დანია), პეჟა (კოსოვო) და ნორჩეპინგ დოლფინსი (შვედეთი).
ეს 8 გუნდი მეოთხედფინალშია დაწყვილებული, სადაც თსუ-ს მეტოქედ „ბენფიკა“ შეხვდა. პორტუგალიური გუნდის ძლევის შემთხვევაში თსუ ნახევარფინალში გავა, სადაც სლოვაკეთის „ლევიცესა“ და კვიპროსულ „ლარნაკას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგის საგზურის ვერმოპოვების შემთხვევაში თსუ გადაინაცვლებს ფიბა ევროპის თასზე, სადაც ჯგუფში მეტოქეებად ფრანგული „შოლე“, იტალიური „ვარეზე“ და გერმანული „გოტინგენი“ ეყოლება. აღნიშნულ ტურნირში თამაშები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
ახალი სეზონის წინ თსუ-ში ცვლილებები განხორციელდა. გუნდში ჩაირიცხნენ ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ტურძილაძე და ნაკრების კანდიდატი ალექსანდრე ფევაძე. უნივერსიტეტელებმა დაიმატეს 4 ლეგიონერი – ამერიკელები მეტ ჯონსონი, ლენელ ჰენრი, ტაირი ბოიკინი და სერბი ნიკოლა ვუიოვიჩი. ლექსო ლაფანაშვილისა და ნიკა მსხალაიას ხელმძღვანელობით გუნდი თვეზე მეტია, ვარჯიშობს და ევროტურნირებისთვის ემზადება.
თსუ ანტალიაში პირველ ვარჯიშს 23 სექტემბერს, საღამოს გამართავს, ხოლო პორტუგალიურ ბენფიკას 25 სექტემბერს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში თსუ საკვალიფიკაციო ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრას 27 სექტემბერს ჩაატარებს, თუ არადა, 26 სექტემბერს სამშობლოში დაბრუნდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 21 სექტემბერს შედგა შეხვედრა კლუბის ხელმძვანელებს, მოთამაშეებსა და ფანკლუბის წევრებს შორის, რომელსაც დაესწრნენ მედიის წარმომადგენლები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ თსუ-ს საკალათბურთო ფორმა გადასცა გამოცდილ გიორგი ცინცაძეს, შემდეგ კი მომავალი მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გუნდს წარმატება უსურვა:
„გასულ სეზონში ძალიან გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა – თსუ-მ ჯერ საქართველოს თასი მოიგო, შემდეგ – ეროვნული ჩემპიონატი. ახლა უკვე საერთაშორისო მატჩი გველის. გუნდს ჰყავს ერთგული ქომაგი, ჩვენი სტუდენტები. გადავწყვიტეთ, რომ მათ ხელი შევუწყოთ და ისინი დაესწრებიან თურქეთში თსუ-ს მატჩს „ბენფიკას“ წინააღმდეგ.
ჩვენი გუნდი საქართველოში წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხოლო როდესაც საერთაშორისო არენაზე გავა უკვე ჩვენი სამშობლოს, საქართველოს სახელი უნდა დაიცვას. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს და მინდა, წარმატებები ვუსურვო“.
თსუ-ს საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი გულშემატკივარს ბოლომდე ბრძოლას დაჰპირდა:
„კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს მადლობას გადავუხდი, იმისთვის, რაც გასულ სეზონში ჩვენთვის გააკეთეს. რეგულარულ ეტაპზე, ნახევარფინალებში, ფინალებში დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმული იყო. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტჯერ გაგახაროთ.
რაც შეეხება თსუ-ს მზადებას ახალი სეზონისთვის, გასული ჩემპიონატის შემდეგ გუნდში ძირითადი შემადგენლობა შეიცვალა, დარჩა მხოლოდ ორი კალათბურთელი, თუმცა განახლებული შემადგენლობით გავიარეთ ნაყოფიერი შეკრება. ვეცადეთ შევკრულიყავით, შევთამაშებულიყავით და „ბენფიკასთან“ მატჩს მომზადებულები ვხვდებით. პორტუგალიური გუნდი სერიოზული მეტოქეა, კარგად გავაანალიზეთ და გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ“.