ლენოქს ლუისმა რუს მოკრივეს კარიერის დასრულება ურჩია
ლენოქს ლუისმა რუს მოკრივეს კარიერის დასრულება ურჩია

მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მძიმე წონაში ლენოქს ლუისმა ალექსანდრ პოვეტკინს კარიერის დასრულება ურჩია.

39 წლის რუსმა 22 სექტემბერს ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან ტექნიკური ნოკაუტით, მეშვიდე რაუნდში დათმო ბრძოლა, რომელიც WBA Super, WBO და IBF ტიტულების დასაცავად გაიმართა.

„პოვეტკინმა ძალიან აქტიურად დაიწყო, მაგრამ ბრძოლის შუაში მას უბრალოდ „საწვავი გაუთავდა“, – განუცხადა ლუისმა TACC-ს, – „მართალია მან რამდენიმე კარგი შეტევა შემოგვთავაზა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოშუამ სწორედ იქ მოუმატა, სადაც საჭირო იყო და საქმეც სათავისოდ მოამთავრა. ენტონის დამარცხებას შეძლებს ის, ვინც მოზადებული იქნება 12 რაუნდისთვის და არა ნახევარი ბრძოლისთვის. რაც შეეხება პოვეტკინს, ჩემი აზრით, მან კარიერა უნდა დაამთავროს“.