„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ლელა ქებურია არ აკონკრეტებს, მოასხა თუ არა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხსნარი
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ლელა ქებურია არ აკონკრეტებს, მოასხა თუ არა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხსნარი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლელა ქებურია აცხადებს, რომ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის საკითხზე არ არის ვალდებული თავი იმართლოს.

„არ ვაპირებ ვიმართლო თავი, უმრავლესობის ბრალდებებზე. არსებობს კადრების ჩანაწერები, წარმოადგინონ და შემდეგ მელაპარაკონ ბრალდებებზე. არ ვაპირებ, ვიმართლო თავი, არ ვარ ვალდებული მათი განცხადებების გამო თავი ვიმართლო. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ აქტს და პროტესტის გამოხატვას ამ ფორმას აბსოლუტურად ვეთანხმები. არ ვარ ვალდებული განმარტებები ვაკეთო, რატომ მეკეთა შარფი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლელა ქებურიამ.

კითხვაზე, რატომ იყო სხდომათა დარბაზში, როდესაც ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმშია, ლელა ქებურიამ აღნიშნა, რომ მას აქვს უფლება სხდომათა დარბაზში თავისუფლად გადაადგილების.

„ვიყავი შესული, რაღაც შეკითხვა დავუსვი ერთ-ერთ ჩემს კოლეგას და გამოვედი გარეთ. დაამტკიცონ ეს ბრალეულობა და შემდეგ ილაპარაკონ. მე არც უარვყოფ და არც ვადასტურებ ამ ბრალდებას. წარმოადგინონ მტკიცებულებები“, – განაცხადა ლელა ქებურიამ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. ირმა ნადირაშვილის გვარი ახსენა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემაც.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.  პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ამასთან, გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.