ლეგენდარულმა ჰენრიკ ლუნდკვისტმა „რეინჯერსი“ დატოვა
ლეგენდარულმა ჰენრიკ ლუნდკვისტმა „რეინჯერსი“ დატოვა

„ნიუ იორკ რეინჯერსმა“ დაასრულა თანამშრომლობა ლეგენდარულ შვედ მეკარესთან ჰენრიკ ლუნდკვისტთან.

როგორც კლუბის პრესსამსახური იუწყება, „რეინჯერსმა“ გამოისყიდა 38 წლის მეკარის კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მას კიდევ ერთი სეზონი რჩებოდა.

ლუნდკვისტი „რეინჯერსში“ 2005 წლიდან თამაშობდა. ის ნიუიორკულმა კლუბმა 2000 წლის დრაფტზე 205-ე ნომრად აირჩია.

„მადლობა ყველაფრისთვის! 15 წლის წინ ვითამაშე ჩემი პირველი მატჩი „რეინჯერსის“ რიგებში. აქ გადმოსვლა უკავშირდებოდა დიდ იმედებსა და ოცნებებს. მაგრამ ყველაზე თამამ ფანტაზიებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ასეთ მოგზაურობას“, – დაწერა ჰოკეისტმა „ტვიტერში“.

ლუნდკვისტი კლუბის რეკორდსმენია 50 კატეგორიაში, მათ შორის, მოგებების რაოდენობით, მეკარეებს შორის მატჩების რიცხვით, „მშრალი“ მატჩების რაოდენობით, დარტყმების მოგერიების პროცენტით და ა. შ.

„რეინჯერსის“ რიგებში შვედმა ერთხელ მოიგო სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზი. ოთხჯერ ითამაშა „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში.

გასულ სეზონში ლუნდკვისტმა 30 მატჩი ჩაატარა 86 შაიბა გაუშვა.