ლეგენდარული გოლების ავტორი - „დინამოს“ ყველაზე ტიტულოვანი კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე 74 წლის გახდა #1TVSPORT
ლეგენდარული გოლების ავტორი - „დინამოს“ ყველაზე ტიტულოვანი კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე 74 წლის გახდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოში“ ბევრ ვარსკვლავს უთამაშია, მაგრამ მათ შორის რამდენიმემ გუნდში გამორჩეული კვალი დატოვა. ერთ-ერთი ლეგენდარული კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძეა, რომელიც დღეს, 25 მარტს 74 წლის გახდა.

1949 წელს ამბროლაურში დაბადებული მაჩაიძე თბილისის „დინამოში“ 1967-1980 წლებში თამაშობდა (431 მატჩი, 62 გოლი) და ოთხი სეზონის მანძილზე გუნდს კაპიტნობდა. საინტერესოა, რომ ის „დინამოს“ ყველაზე ტიტულოვანი კაპიტანია — ამ პერიოდში გუნდი გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორი 1971, 1972, 1976 (გაზაფხული-შემოდგომა), ორჯერ კი თასის გამარჯვებული (1976, 1979).

მაჩაიძე 1980 წელს გადავიდა ტაშკენტის „ფახთაქორში“ (13 მატჩი, 1 გოლი), 1981 წელს – მოსკოვის „სპარტაკში“ (2 მატჩი), 1981-1982 წლებში კი ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. 4 მატჩი ჩაატრა საბჭოთა კავშირის ნაკრებში, ამდენივე — ოლიმპიურ ნაკრებში.

მანუჩარ მაჩაიძეს ბევრი დასამახსოვრებელი გოლი გაუტანია. ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებით კარგად ახსოვს მისი გოლი „არარატის“ კარში, რომელიც 1971 წელს ერევანში გაიტანა. სომეხმა ფეხბურთელებმა პირველ წრეში თბილისში 4:0 მოიგეს. მეორე წრის მატჩი ახლადგახსნილ „რაზდანის“ სტადიონზე გაიმართა, სადაც მანამდე „არარატის“ დამარცხებას ვერავინ ახერხება.

„დინამოს“ იმ დროს არ ულხინდა, „არარატი“ კი აღმავლობას განიცდიდა და ფავორიტად სწორედ ერევნელები ითვლებოდნენ. თამაშის დაწყებიდან რვა წუთში მაჩაიძემ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, გვერდი აუარა ორ ნახევარმცველს, საჯარიმოსთან კიდევ ორი ერევნელი მეტოქე ჩამოიშორა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. ამ გოლმა, როგორც მერე გაირკვა, „არარატი“ ახალგახსნილ ,,რაზდანზე” პირველად დაამარცხა.

„უზომოდ გამიხარდა, როცა შევნიშნე, ბურთი ერევნელთა კარის „ცხრიანში“ რომ ეხვეოდა”, — იხსენებდა მანუჩარ მაჩაიძე.

მაჩაიძის ანგარიშზეა დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ კარში გატანილი ულამაზესი გოლიც, რომელიც 1977 წლით თარიღდება. საბჭოთა ჩემპიონატის შეხვედრა თბილისში გაიმართა, ნოდარ ახალკაცის გუნდმა 5:1 მოიგო. მცველის მოგერიებულ ბურთს მაჩაიძე საჯარიმო მოედანთან დაეუფლა და კარიდან გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო. ასე გახდა ის „დინამოს“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლის ავტორი.