ლატვიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში რუსეთიდან არაერთი კიბერთავდასხმაა განხორციელებული
რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველომ ლატვიაში სხვადასხვა სამიზნეზე, მათ შორის თავდაცვის სექტორში არაერთი კიბერთავდასხმა განახორციელა,- აღნიშნული განცხადება ლატვიის კონსტიტუციის დაცვის ბიურომ გააკეთა.
ლატვიის ხელისუფლების თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო (ყოფილი სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველო) კიბეროპერაციებს ჯაშუშობის მიზნით ახორციელებდა. ამასთან, მისი სამიზნე ძირითადად სახელმწიფო დაწესებულებები იყო, ზოგჯერ კი, კერძო ფირმები, მათ შორის მედიაკომპანიები.
ლატვიის ხელისუფლების ინფორმაციით, ყველაზე მასშტაბური თავდასხმა 2016 წლის ბოლოს განხორციელდა, როდესაც ვირუსი საშობაო მილოცვების სახით დაიგზავნა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველო კიბერთავდასხმებში გერმანიამ, ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, კანადამ და აშშ-მა დაადანაშაულეს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტამ განაცხადა, რომ რუსეთი ხშირად ახორციელებდა კიბერთავდასხმებს პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, კომპანიებზე, მედიასაშუალებებსა და სპორტულ ორგანიზაციებზე მთელ მსოფლიოში. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კი, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე რუსეთის კიბერთავდასხმის აღკვეთის შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, აშშ-მა კიბერთავდასხმებში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს შვიდი თანამშრომელი დაადანაშაულა, რომელთაგან ოთხი აპრილში ნიდერლანდებიდან გააძევეს, სამს კი უკვე ედებოდა ბრალი აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე ჰაკერულ თავდასხმაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლური ქვეყნების განცხადებებს „ჯაშუშომანია“ უწოდა.