საქართველოს საგარეო უწყება - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმები, როგორც ცალკე საკითხი, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე პირველად განიხილეს
საქართველოს საგარეო უწყება - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმები, როგორც ცალკე საკითხი, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე პირველად განიხილეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები დაგმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ 5 მარტს გაიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმების საკითხი განიხილეს. სხდომაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აგრეთვე საბჭოს სხვა წევრებმა დაგმეს გასული წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავრობისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები.

„რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ) მიერ ორგანიზებული კიბეროპერაციების მიზანი განხეთქილების დათესვა და საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების მოშლა იყო“, – ნათქვამია სხდომის შემდეგ ესტონეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მიერ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, „ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს“. ამასთან, ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, საკუთარი თავი კიბერსივრცის პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და მთელი რიგი ქვეყნების წინააღმდეგ გრუ-ს თავზეხელაღებული კიბერთავდასხმების უწყვეტ სქემას ააშკარავებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმები, როგორც ცალკე საკითხი, უშიშროების საბჭოზე პირველად განიხილეს.