ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ხვალ ოფიციალურად დატოვებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია თანამდებობას ხვალ ოფიციალურად დატოვებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ გადაწყვეტილების მიზეზი დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, მის მოვალეობას დროებით ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე შეასრულებს.
„ბატონი ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად თავიდანვე დაინიშნა გარკვეული პერიოდით. ეს იყო მისი თხოვნა, სწორედ ამ თხოვნის საფუძველზე მიიღო მან წინადადება, რომ გამხდარიყო ადმინისტრაციის უფროსი. ეს პერიოდი ამოწურულია. შესაბამისად, ბატონი ლაშა ბრუნდება იქ, საიდანაც მოვიდა ადმინისტრაციაში, პატრიარქის ფონდში. შემცვლელთან დაკავშირებით არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას. ჯერჯერობით, დროებით მოვალეობას შეასრულებს მოადგილე“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.