ლაშა ჭაღიაშვილი - ჩემი კარიერისთვის ცვლილებების დაწყების დრო იყო #1TVSPORT
ლაშა ჭაღიაშვილმა 16-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ „ლოკომოტივი“ დატოვა. მისი თქმით, ეს ახალ გუნდში გადასვლით არ ყოფილა განპირობებული, უბრალოდ, გარემოს შეცვლა სურდა – ამის შესახებ ჭაღიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„ჩემი კარიერის პირველი ნაბიჯები „ლოკომოტივში“ გადავდგი და აქ ზუსტად 16 წელი ვიმუშავე. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი პერიოდი და დაუვიწყარი წლებია. არაერთი სეზონი ვიმუშავე ეროვნულ ლიგაში ასისტენტადაც და მთავარ მწვრთნელადაც. მქონდა გარკვეული წარმატებები და სიხარული, რაც ჩემთვის დაუვიწყარი იქნება.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ლოკომოტივს“, მის პრეზიდენტს, ლექსო თოფურიას, კლუბის ხელმძღვანელობას – ყველას, ვისთან ერთადაც 16 წელი გავატარე. „ლოკომოტივი“ ყოველთვის ჩემს გულში იქნება და მის გულშემატკივრად დავრჩები.
მაგრამ ჩემი კარიერისთვის ცვლილებების დაწყების დრო იყო. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ გახლდათ, მით უფრო, ასეთ პერიოდში. თუმცა, ეს ნაბიჯი უკეთესი ხვალინდელი დღის იმედად გადავდგი.
რაღაცის დასასრული ახლის დასაწყისსაც ნიშნავს. გუნდი იმიტომ არ დამიტოვებია, რომ სადმე გადავედი, ველოდები შეთავაზებებს და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებ“, – ამბობს ლაშა ჭაღიაშვილი.
გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელსაც თბილისური კლუბის აკადემიის, პირველი გუნდისა და დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელად უმუშავია, „ლოკომოტივი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.