ქალთა საფეხბურთო გუნდი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა (ვიდეო)
ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა. ჩვენი ჩემპიონი გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ესტუმრა და 1:0 სძლია.
ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გავიდა – ირინა ხაბურძანიამ კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გუნდის ბომბარდირი ხატია ჭყონია გაიყვანა და მან ეს შანსი გოლად აქცია. სხვაობა ორბურთიანიც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მთავარმა არბიტრმა 34-ე წუთზე მარიამ კალანდაძის საგოლე დარტყმისას თამაშგარე დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე გასვლაზე ყაზახეთის ძლიერი კლუბი, „ოკჟეტპესი“ დამატებულ დროში 2:1 დაამარაცხა. ორივე გოლი მაშინაც ხატია ჭყონიამ (62, 95 წუთებზე) გაიტანა.
საქართველოს ჩემპიონი ამ მოგებით გათამაშების 1/16-ფინალში გავიდა, რომლის წილისყრაც 24 ნოემბერს ნიონში, უეფა-ს ოფისში გაიმართება. ამ ეტაპზე მატჩები ორრაუნდიანია, 9/10 და 15/16 დეკემბერს გაიმართება. ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ოლიმპიური სისტემით ტარდება, არ იქნება ჯგუფური ეტაპი.
ოლიმპია კლუჟი-ლანჩხუთი 0:1
გოლი: 0:1 ჭყონია (68. ხაბურძანაის პასით)
ლანჩხუთი: გაბუნია, ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, მ. დანელია, დიმოპოლუ (78. ნარსია), გასვიანი, გუჯაბიძე, კალანდაძე, ხაბურძანია, თოდაძე, ჭყონია (90+3. წოწერია)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე