ლაგოდეხში U13 რეგიონთა თასის ფინალური ეტაპი დაიწყო
ლაგოდეხში U13 რეგიონთა თასის ფინალური ეტაპი დაიწყო

13-წლამდელ ფეხბურთელთა რეგიონთა თასის შესარჩევი თამაშების შემდეგ, გათამაშების გადამწყვეტ ეტაპზე ოთხი საუკეთესო ნაკრები გავიდა.

ფინალური ეტაპი 24 ნოემბერს ლაგოდეხში დაიწყო – 2004 წლამდე დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რეგიონული ნაკრებების დაპირისპირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა ცენტრმა უმასპინძლა.

ნახევარფინალში თბილისის რეგიონული ნაკრები სამეგრელოს შეხვდა და დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში იმერეთის ნაკრებმა ქვემო ქართლს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია.

ფინალს ლაგოდეხის ტექნიკური ცენტრი 25 ნოემბერს, 13:00 საათზე უმასპინძლებს. ჩემპიონი თბილისისა და იმერეთის რეგიონული ნაკრებების შეხვედრაში გამოვლინდება და მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრება.

ფინალის დასრულებისთანავე დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. ტურნირის გამარჯვებული ბერლინში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება. საუკეთესოებისგან კი მომავალ წელს საქართველოს 15-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრები დაკომპლექტდება.