კვიპროსში ისევ ქართველს გააქვს - მიქელთაძე „ანორთოსისს“ ლიდერის დამარცხებაში დაეხმარა [ვიდეო]

ბექა მიქელთაძემ კვიპოროსის ჩემპიონატის ლიდერს გაუტანა და „ანორთოსისს“ გამარჯვებაში დაეხმარა.

ფამაგუსტას გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერს, ლიმასოლის აელ-ს ესტუმრა და 3:0 გაანადგურა. ორივე ქართველმა, ნიკა კაჭარავამ და ბექა მიქელთაძემ შეხვედრა „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. პირველი ცენტრალური თავდამსხმელი იყო, მიქელთაძე კი – ფლანგის შემტევი.

კაჭარავამ, რომელმაც თავი კვიპროსის ჩემპიონატსა და თასზე გამართულ წინა სამ შეხვედრაში გამოიჩინა, ამჯერად ვერ გაიტანა და 64-ე წუთზე შეცვალეს. მიქელთაძემ კი 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 3 წუთში აელ-ის კარი მეორედ აიღო, 88-ე წუთზე კი შეცვალეს.

საბოლოოდ, „ანორთოსისმა“ გასვლაზე ლიდერი 3:0 დაამარცხა და პირველი ადგილიდან დააქვეითა, ხოლო ფამაგუსტელები მე-4 ადგილზე დაწინაურდნენ.

აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველმა კვიპროსის ჩემპიონატში 13-13 მატჩი ჩაატარა და 2-2 გოლი გაიტანა.