ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ წააგო, ზივზივაძეს არ უთამაშია, კორეაში ქართველები ლიდერობენ #1TVSPORT
ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ წააგო, ზივზივაძეს არ უთამაშია, კორეაში ქართველები ლიდერობენ #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ – ქართველის გუნდმა „ბლექბერნს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მეოთხე ტურში „უოტფორდის“ განაცხადში იყო, მოედანზე კი 55-ე წუთზე შეუშვეს. გადამწყვეტი გამოდგა „ბლექბერნის“ უელსელი თავდამსხმელის, რაიან ჰეჯესის მიერ 72-ე წუთზე გატანილი გოლი, რომელმაც სტუმრებს გამარჯვება მოუტანა, „უოტფორდი“ კი ოთხი ქულით მე-15 ადგილზეა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეოთხე ტურში „კარლსრუემ“ 2:0 დაამარცხა „ბრაუნშვაიგი“, რომელიც 37-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა. ბუდუ ზივზივაძე მასპინძელთა სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია. „კარლსრუე“ შვიდი ქულით მეექვსე ადგილზე დაწინაურდა.

სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში „სეულმა“ ვაკო ყაზაიშვილის „ულსანს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელი „ულსანის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81 წუთი ითამაშა.

ბექა მიქელთაძისგვანჯუმ“ შინ „სუვონი” 4:0 დაამარცხა. მიქელთაძე მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. 28 ტურის შემდეგ ყაზაიშვილის „ულსანი“ 61 ქულით პირველ ადგილზეა, მიქელთაძის გუნდმა კი 42 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზეა.