კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი გაიმართება
საქართველოს დღეს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს, გააკეთებენ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს და მონაწილეობას მიიღებენ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და მისი მეუღლე ანდრი ანასტასიადისი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მის უწმიდესობასა და უნეტარესობას, ილია მეორეს შეხვდებიან.
დაგეგმილია საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტები მიიღებენ.
კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რევაზ ლომინაძის განცხადებით, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი პირველად სტუმრობს საქართველოს.
„ვიზიტი მეტყველებს, იმაზე, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დინამიკა აშკარად პროგრესირებს, მაგრამ თავად ვიზიტის დროს განხილული იქნება ჩვენი თანამშრომლობის მომავალზე ორიენტირებული საკითხები. ორმხრივი ურთიერთობების თემები და ევროკავშირში ჩვენი მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საკითხები. უკვე გვაქვს მიღწევები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფერო, სადაც კვიპროსთან აბსოლუტურად უნიკალური ურთიერთობები გვაქვს. კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი თანამშრომლობის სხვა მიმართულებებსაც გამოკვეთს“, – აღნიშნა რევაზ ლომინაძემ.