კვიპროსის ხელისუფლებამ უცხოელებზე ინვესტიციების სანაცვლოდ გაცემული 26 ე.წ. ოქროს პასპორტი გააუქმა
კვიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლებამ უცხოელებზე ინვესტიციების სანაცვლოდ გაცემული 26 ე.წ. ოქროს პასპორტი გააუქმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია რუსეთის ცხრა მოქალქისთვის, კამბოჯის რვა მოქალაქისთვის, ჩინეთის ხუთი მოქალაქისა და კენიის ორი მოქალაქისთვის, ასევე ირანისა და მალაიზიის მოქალაქეებისთვის გაცემულ პასპორტებზე.
4 ნოემბერს კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება უცხოელი ინვესტორებისთვის გაცემულ პასპორტებს უკან გაიწვევს, თუ აღმოჩნდება, რომ აღნიშნულმა პირებმა საბუთები შეცდომით მიიღეს. ამასთან, ქვეყნის პრეზიდენტმა განმარტა, რომ საუბარია 10-15 შემთხვევაზე, როდესაც „ოქროს პასპორტები“ შესაძლოა, მიიღეს პირებმა, რომლებსაც ფულის გათეთრებასთან ან ავტორიტარულ მთავრობებთან აქვთ კავშირი.
ნიკოს ანასტასიადისმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის, დატოვოს თანამდებობა, თუ დადგინდება, რომ კვიპროსის პასპორტების უკანონო გაცემაში მისი საადვოკატო ბიურო მონაწილეობდა.
ინვესტიციების სანაცვლოდ კვიპროსის მოქალაქეობის მიღების სქემა კვიპროსის ხელისუფლებამ 2013 წლის საბანკო კრიზისის შემდეგ აამოქმედა. კვიპროსის ფინანსთა სამინისტრომ ამ პერიოდის განმავლობაში დადებითი პასუხი გასცა პასპორტის მიღების მსურველთა 1864 განაცხადზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკას 6,6 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციები მოუტანა. 2019 წლის თებერვლიდან მთავრობამ „ოქროს პასპორტების“ გაცემის წესები გაამკაცრა.