კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ დუბლით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს დებიუტს პრემიერლიგაში მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა. პორტუგალიელი ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა, თუმცა პირველი მატჩის ჩატარება მხოლოდ 11 სექტემბერს მოახერხა – შინ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ.
4-2-3-1 სქემაში რონალდომ ფორვარდის პოზიცია დაიკავა. ის ბრუნო ფერნანდეშისა და პოლ პოგბას სიღრმიდან გრძელ გადაცემებზე იხსნებოდა, აგრეთვე უკან იხევდა და პარტნიორებს კომბინაციების გათამაშებაში ეხმარებოდა.
მე-9 წუთზე კრიშტიანომ ბურთს ვერ მოარტყა ფერნანდეშის პასის შემდეგ, ორ წუთში კი თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე გადავიდა, იქ ორი მეტოქე მოატყუა და კარში დაარტყა – ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.
გუნდები შესვენებაზე გასასავლელად ემზადებოდნენ, როცა მეისონ გრინვუდმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, „ნიუკასლის“ მეკარემ ფრედი ვუდმანმა ცუდად მოიგერია და რონალდომ ცარიელ კარში გაიტანა.
ეს იყო პორტუგალიელის პირველი გოლი პრემიერლიგაში 2009 წლის მაისის შედეგ.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ნიუკასლმა“ რამდენიმე კარგი კონტრშეტევა განახორციელა და ერთი გოლით დასრულდა – გაიტანა განაპირა მცველმა ხავიერ მანკილიომ.
მაგრამ 62-ე წუთზე საქმეში ისევ რონალდო ჩაერთო – კარგად გაიხსნა, ბურთი მიიღო ლუკ შოუსგან, მარჯვენათი დაამუშავა და მარცხენათი გაიტანა.
დარჩენილ დროში ასევე გაიტანეს ბრუნო ფერნანდეშმა და ჯესი ლინგარდმა. პოლ პოგბას ანგარიშზე ორი შედეგიანი პასი იყო – ფრანგს სასტარტო ოთხ ტურში შვიდი საგოლე გადაცემა აქვს.