კრის ეშტონი - ინგლისში კორონავირუსის ტესტების საკმარისი რაოდენობა არ არის
ინგლისური რაგბის ვარსკვლავი კრის ეშტონი ვარაუდობს, რომ იგი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. ინგლისის რაგბის ეროვნული ნაკრების 33 წლის მორაგბე აღნიშნავს, რომ მას COVID-19-სთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი ჰქონდა – მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი და ჰაერის უკმარისობა. როგორც უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, კრის ეშტონი უკვე გამოჯანმრთელდა, თუმცა, ამჯერად მსგავსი სიმპტომები მის 63 წლის დედას აქვს.
„ვირუსმა ძალიან შემომიტია, მქონდა მაღალი სიცხეები, მთელი სხეული მტკიოდა. მდგომარეობა იყო საშინელი, საერთოდ დავკარგე ყველანაირი ძალ-ღონე, ახლა ზუსტად იგივე სიმპტომები დედაჩემს აქვს, რომელიც ჩემთან ერთად იყო და ბავშვების მოვლაში გვეხმარებოდა. ის 63 წლის არის და ამიტომ ძალიან ვნერვიულობ. ტესტი კორონავირუსზე მე არ ჩამიტარეს, რადგან ქვეყანაში არ არის მისი საკმარისი რაოდენობა. ძალიან ცუდად ვიყავი, ექიმთან გავდიოდი კონსულტაციებს, COVID-19-ის ყველა სიმპტომი მქონდა და ყველანაირი ტესტის გარეშე დასკვნები ჩემით გამოვიტანე.“ -განაცხადა ინგლისელმა მორაგბე კრის ეშტონმა
შეგახსენებთ, რომ კრის ეშტონმა მარტის დასაწყისში ახალ კლუბთან მიაღწია შეთანხმებას. 33 წლის მორაგბე ამჟამად „სეილ შარქსის“ წევრია, თუმცა შემდეგი სეზონიდან ის კარიერას „ჰარლექუინსში“ გააგრძელებს. 33 წლის ინგლისელ მორაგბეს არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული და ის ერთ-ერთი გამორჩეული მელელოვეა. ეშტონი „სეილ შარქსის“ მორაგბე 2018 წლიდან გახდა და 27 მატჩში 19 ლელოს ავტორია. მანამდე კი ეშტონი, „ტულონის“, „სარასენსის“ და „ნორსჰემპტონის“ რიგებში გამოდიოდა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, მას ეროვნული გუნდის მაისურით 44 მატჩი აქვს ჩატარებული და 20 ლელო აქვს გატანილი.