კრემლი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას უარყოფს
კრემლი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას უარყოფს

კრემლი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას უარყოფს. როგორც კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, რუსეთის ფედერაცია არასდროს ჩარეულა ელექტორალურ პროცესებში. ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს.

„შეიძლება, ცალსახად ითქვას, რომ რუსეთის ფედერაცია არასდროს ჩარეულა და არც აპირებს, ჩაერიოს ვინმეს საარჩევნო პროცესებში, განსაკუთრებით ჩვენს მოკავშირე ბელარუსში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მანამდე ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პუტინთან განიხილავს ბელარუსის არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის პრობლემას. ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ბელარუსში აგვისტოში დაგეგმილ არჩევნებში პოლონეთი და რუსეთი ერევიან.

„ოპოზიცია ჩვენ უსამართლობისკენ გვიბიძგებს? როგორ იქცევიან? ცხადია, ისინი მარიონეტები არიან. პოლონეთშიც ცხოვრობენ და რუსეთიდანაც შემოაგდებენ თემებს. ჩვენ ამ საკითხზე პრეზიდენტ პუტინს გავესაუბრებით შეხვედრაზე. სიტუაცია ძალიან რთულია. გამოყენებულია თანამდეროვე ყალბი ტექნოლოგიები, უცხო ქვეყნებიდან მიმდინარეობს ჩარევა ჩვენს არჩევნებში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ივნისის დასაწყისში დააკავეს პრეზიდენტობის მსურველი, რუსული „გაზპრომბანკის“ ბელარუსის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი ვიქტორ ბაბარიკო. 19 ივნისს მისი გათავისუფლება ევროკავშირმა მოითხოვა.