კოსოვოში დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაათავისუფლეს
კოსოვოში დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაათავისუფლეს

კოსოვოში დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კოსოვოში დისლოცირებული გაეროს მისია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სულ კოსოვოს პოლიციამ დღეს დილით გაეროს მისიის ორი თანამშრომელი დააკავა და ერთ-ერთი მათგანი, რუსეთის მოქალაქე, გათავისუფლებულია.

მანამდე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე მიხაილ კრასნოშეკოვი ნაცემია და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, კოსოვოს პოლიციამ დღეს სულ 19 ადამიანი დააკავა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობა 23 დაკავებულის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კოსოვოში დაკავებული რუსეთის მოქალაქის გათავისუფლება მოითხოვა. მოსკოვმა მოუწოდა გაერო-ს მისიას, „დაკავებული რუსის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს რუსეთს“ და „მიმართოს მაქსიმალურ ძალისხმევას მისი გათავისუფლების მიზნით“.

კოსოვოს ჩრდილოეთში მომხდარის გამო სერბეთმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ადგილობრივი მედია მძიმე ტექნიკის გადაადგილების შესახებ იუწყება.

კოსოვოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ნატო-ც.