კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი - ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი თამაშით საქართველოსთან თუ წავაგებდით [ვიდეო] #1TVSPORT

კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარდ შალანდმა პრიშტინაში ფადილ ვოკრის სტადიონზე საქართველოდან 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შედეგით უკმაყოფილოა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ცუდად არ გვითამაშია და ასეთი თამაშის შემდეგ არ უნდა წაგვეგო. პირველი გოლის შემდეგ გუნდი კარგად ათამაშდა. ბოლო 25 წუთამდე ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ცუდი რეალიზაცია ჩვენი პრობლემაა. მეორე ტაიმში დიდ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ“, – განაცხადა შალანდმა.

მისი თქმით, ფეხბურთელებს ეფექტურობა დააკლდათ:

„ვითამაშეთ კარგი ფეხბურთი, ბურთს ვაკონტროლებდით და მომენტებიც შევქმენით, მაგრამ მეტოქეზე მეტი ვერ გავიტანეთ, რადგან დაგვაკლდა ეფექტურობა და ზუსტი ბოლო პასი. არასოდეს მიფიქრია, რომ ასე ვითამაშებდით და მაინც წავაგებდით. მაგრამ ფეხბურთი ასეთია. მეტოქე ჩვენს საჯარიმოში ორჯერ შემოვიდა და ორჯერვე გაგვიტანა“.

70 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა წაგება საკუთარ თავზე აიღო:

„ჩემთვის, ცხრილში მეხუთე ან მეოთხე პოზიციის დაკავება პრობლემა არაა. იმედი მაქვს, რომ საბერძნეთთან მომდევნო თამაშს მოვიგებთ. ეს წაგბა ჩემთვის ადვილი არ გადასატანი არაა, რადგან მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი საქმე ვაკეთო. თანამდებობის დატოვების პრობლემა არ მაქვს. ეს ფედერაციის გადასაწყვეტია, დავრჩები თუ არა. წაგებაზე პასუხისმგებლობას ვიღებ. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ გუნდი ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებისთვის მოვამზადო“.