ვილი სანიოლი - მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლო წუთამდე იბრძოლეს [ვიდეო] #1TVSPORT 

კოსოვოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მატჩი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:

– ბათუმში კოსოვოსთან განცდილი მარცხი ძალიან რთული იყო, რადგან მისი მოგება ძალიან გვსურდა. საშინაო შეხვედრის წაგება ყოველთვის ცუდია. მიმაჩნია, რომ დღეს მოპოვებული სამი ქულა ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია. რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან კოსოვო საკუთარ მოედანზე მოწინააღმდეგეს ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ აქცევს. ფეხბურთელები სრულად მიჰყვნენ იმ სათამაშო გეგმას, რომელიც ამ მატჩისთვის დავსახეთ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლო წუთამდე იბრძოლეს. შეცვლაზე შემოსული ყველა ფეხბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.

– არ მიმაჩნია, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება რაიმე განსაკუთრებულმა მომენტმა განაპირობა. დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან გვსურდა ფლანგებზე უფრო ინტენსიურად გვემოქმედა. ცენტრალურ ნახევარდაცვაში კვეკვესკირი-გვილიას წყვილმა საშუალება მოგვცა თამაში უფრო მეტად გაგვეკონტროლებინა.

 

– დღევანდელი სათამაშო სისტემა ძალიან უხდება ჩვენს გუნდს, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვითამაშებთ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამან იმუშავა. ყველაფერი იდეალურად არ იყო, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ თამაშის ორგანიზების ასპექტზე. მოგების შემდეგ მუშაობა ბევრად ადვილია, რადგან ნაკრები არ არის კლუბი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ამა თუ იმ საკითხზე მუშაობა შეგიძლია. შემდეგი შეხვედრა ნოემბერში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კოსოვოს წინააღმდეგ მოგება, ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებს.

– შვედეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში კარგ მატჩს ველოდებით, იმიტომ, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ბოლო თამაში იქნება. ამასთანავე, ძალიან გვსურს, სტადიონზე გულშემატკივრები ვიხილოთ, რადგან ფეხბურთელებს მათი მხარდაჭერა ძალიან აკლიათ. რაც შეეხება ტაქტიკას, ახლა ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი ძალიან გამიჭირდება, რადგან იქამდე საკმაოდ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

დატოვე კომენტარი