კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ის 40 მოქალაქე საკრუიზო ლაინერიდან იაპონიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს
საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესიდან“ კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ის 40 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი იაპონიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კიდევ 360-მდე ამერიკის მოქალაქე კი შტატებში საგანგებოდ გამოყოფილი ორი თვითმფრინავის საშუალებით გაემგზავრება. ისინი აეროპორტში უკვე გადაიყვანეს. შტატებში ჩასვლის შემდეგ, ევაკუირებული მოქალაქეები ამერიკულ სამხედრო ბაზაზე კარანტინში 14 დღით მოთავსდებიან.
„დაიმონდ პრინცესას“ ბორტზე სულ 3400-მდე ადამიანი იმყოფება. ხომალდი იოკოიამას პორტშია გაჩერებული. 3 თებერვლიდან ბორტზე კარანტინია გამოცხადებული და მგზავრები მის დატოვებას ვერ ახერხებენ. გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინი 19 თებერვალს უნდა დასრულდეს. სწორედ ამ მიზეზით, აშშ-ის რამდენიმე მოქალაქემ ევაკუაციაზე უარი განაცხადა. მათ ამჯობინეს, დალოდებოდნენ კარანტინის დასრულებას, ვიდრე თვითმფრინავამდე ავტობუსით გადაადგილებულიყვნენ თანამოქალაქეებთან ერთად, რომელთაც შესაძლოა, ვირუსი აღმოაჩნდეთ.
ბოლო მონაცემებით, ახალ კორონავირუსს 1670 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 69 287-ს შეადგენს.