კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ფეხბურთის ფედერაცია ინფრასტრუქტურულ პროექტებს აგრძელებს
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ფეხბურთის ფედერაცია ინფრასტრუქტურულ პროექტებს აგრძელებს

კარგი ამბავი კორონავირუსის პანდემიის ფონზე – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, მიმდინარე პროექტები კი არ შეჩერებულა. ამავე დროს, სფფ-ს ცნობით, მშენებლობები სანიტარული ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.

„თბილისში, ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი აშენდება. აღნიშნული ტერიტორია ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადმოეცა. გადმოცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, ტრიბუნებით, განათებითა და სარბენი ბილიკით. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ მოსახლეობას. სამშენებლო პროცესის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი“ – წერია სფფ-ს გვერდზე.

ამას გარდა, ინფორმაციაა სხვა საფეხბურთო ცენტრების მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისსა და გურიაში: „პროექტის განხორციელება მიმდინარეობს გლდანში, სადაც სფფ-ის კიდევ ერთი მშენებლობაა დაწყებული. კეთდება ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული და მინი მოედანი განათებით, ტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა უეფასა და ფიფასგან მიღებული თანხებით მიმდინარეობს და 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება. მშენებლობა დასკვნით ეტაპს უახლოვდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, სადაც სფფ-ის გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რომელიც სფფ-ისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და ერთი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით.“

კიდევ ორი პროექტი სამეგრელოში ხორციელდება: „ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზეც საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გრძელდება. პროექტი სფფ-ისა და უეფას დაფინანსებით ხორციელდება და მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობის დასრულება 2020 წლის ზაფხულში იგეგმება. ასევე მიმდინარეობს სფფ-ის კიდევ ერთი ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მოეწყობა ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება ფეხბურთელთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.“