ზედიზედ მესამედ - ლევან კობიაშვილი  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT
ზედიზედ მესამედ - ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს. ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

ყრილობაზე 31 დელეგატიდან 28 გამოცხადდა. ცნობილი გახდა, რომ წესდების დარღვევისა და გარიგებული თამაშებისათვის სფფ-ის სუბიექტობიდან გარიცხეს ზუგდიდის „დინამო“.

ყრილობის დელეგატებმა მოისმინეს სფფ-ის პრეზიდენტის, აღმასრულებელი კომიტეტისა და ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, დაამტკიცეს ბიუჯეტი, სფფ-ის წესდებაში ცვლილებები შეიტანეს, დამოუკიდებელი აუდიტი დანიშნეს და ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები აირჩიეს.

პრეზიდენტის არჩევნები ყრილობის ბოლოს გაიმართა, სადაც კანდიდატი მხოლოდ ლევან კობიაშვილი იყო. საბოლოოდ, 28 დელეგატიდან ყველამ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი აირჩია. ლევან კობიაშვილს პირველად ნდობა 2015 წლის 3 ოქტომბერს გამოუცხადეს, მეორედ – 2019 წლის  15 თებერვალს. 

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მესამედ აირჩიეს. 2-2-ჯერ აირჩიეს  ნოდარ ახალკაცი (1990, 1994), მერაბ ჟორდანია (1999, 2002) და ნოდარ ახალკაცი უმცროსი (2005-2007, 2007-2009), ერთხელ პოსტს იკავებდა ზვიად სიჭინავა (2009-2015). 

2007 წლის 13 მაისს პრეზიდენტად გიორგი ნემსაძე აირჩიეს, მაგრამ ის ყველაზე ხანმოკლე პერიოდით იყო სფფ-ს თავკაცი – ნემსაძემ გადადგომის შესახებ განცხადება ზუსტად ერთ დღეში, 14 მაისს გააკეთა.