ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კონორი რუსეთის ვიზის მიღებაზე ზრუნავს.
როგორც გაირკვა, ეს ფოტო კონორს უმიზეზოდ არ დაუდია. „ნოტარიუსი“ 24 ოქტომბერს მოსკოვში პრესკონფერენციას გამართავს. ღონისძიება მაკგრეგორის მთავარი სპონსორის, „პარიმატჩის“ ორგანიზებით ჩატარდება.
ირლანდიელი ჟურნალისტებს რუსეთში კარიერის მანძილზე პირველად შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, კონორი თავის მომდევნო ბრძოლისა და ოქტაგონზე დაბრუნების თარიღს დაასახელებს. შეგახენებთ, რომ უკანასკნელად მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან 2018 წლის ოქტომბერში წააგო და მას შემდეგ ბრძოლა არ გაუმართავს.
კონორმა შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლის შესახებაც განაცხადა, თუმცა შემდგომ გადაწყვეტილება შეცვალა და სპორტში დაბრუნება დაანონსა.