კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
კონკურენციის სააგენტოს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, თავისუფალი, ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ. მემორანდუმის თანახმად, იმ შემთხვევების დროს, როდესაც სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისთვის ჩაბარებას, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული კორესპონდენციის ადრესატისთვის გაგზავნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული გვერდის მეშვეობით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ ეტაპზე, ბაზრის შესწავლის, მოკვლევის თუ კონცენტრაციის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქეისს სწავლობს. შესაბამისად, აქტიურ კომუნიკაციას ეწევა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, სადაც სწორი, დროული კომუნიკაციის პროცესი უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ – შემოსავლების სამსახური სააგენტოს 2 სამუშაო დღის ვადაში მიაწვდის ინფორმაციას ადრესატის მხრიდან დოკუმენტის გახსნის/ჩაბარების შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. ამასთან, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრული კონფიდენციალურობის დაცვას და მას გამოიყენებს მხოლოდ ადრესატისთვის გაგზავნის მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ელექტრონული სერვისებით სარგებლობისა და საჯარო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები პაატა კილაძე და ლევან წითელაშვილი, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ფერაძე.