კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა დონალდ ტრამპისა და მისი ადვოკატის, რუდი ჯულიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა დონალდ ტრამპისა და მისი ადვოკატის, რუდი ჯულიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

„დემოკრატმა“ კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ადვოკატის, რუდი ჯულიანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კანონმდებელი დონალდ ტრამპსა და მის თანაგუნდელს კაპიტოლიუმის შტურმის წაქეზების მიზნით ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან შეთქმულებაში სდებს ბრალს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბენი ტომპსონი წარმომადგენელთა პალატაში შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა. მან სარჩელი ვაშინგტონში საოლქო სასამართლოში წარადგინა.

ტომპსონის ადვოკატების განცხადებით, ამბოხი იყო ტრამპის, ჯულიანისა და ექსტრემისტული ჯგუფების მიერ სიფრთხილით ორკესტრირებული გეგმის შედეგი. ადვოკატების თქმით, აღნიშნული გეგმის მიზანს ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცების შეჩერება წარმოადგენდა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის გამო წარმომადგენელთა პალატამ ყოფილ პრეზიდენტს ამბოხის წაქეზებაში წაუყენა ბრალი და იმპიჩმენტი გამოუცხადა. თუმცა გასულ კვირაში სენატმა ექსპრეზიდენტი გაამართლა.