ისრაელის პარლამენტმა ახალი მთავრობის გარეშე ფიცი დადო

20:29, 10.11.2026

ისრაელის პარლამენტმა ახალი მთავრობის გარეშე დადო ფიცი, რადგან არჩევნებიდან დღემდე კოალიციის შექმნა ვერცერთმა მხარემ შეძლო.

ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფიცის დადების ცერემონიაზე ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ხელახალი არჩევნები თავიდან აიცილონ.

„ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რათა თავიდან აიცილოთ განმეორებითი არჩევნები. გაუწოდეთ ხელი კომპრომისებს, თუნდაც მეტოქეებს შორის. ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რაც მოითხოვს ამ პალატის ყველა ნაწილში არსებულ უნარსა და გამოცდილებას“, – მიმართა ჰერცოგმა 26-ე მოწვევის ქნესეთის წევრებს.

სიტყვით გამოსვლისას ჰერცოგმა ასევე ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა სრულად უნდა გამოიძიოს ის წარუმატებლობები, რამაც გამოიწვია დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმა.

მისი თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები ერთობლივ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„არცერთი ქვა არ უნდა დარჩეს გადაუბრუნებელი. უნდა გამოვიძიოთ და გავიგოთ, როგორ მოხდა 7 ოქტომბრის კატასტროფა, გამოვიტანოთ გაკვეთილები და დასკვნები“, – გაანაცხადა ჰერცოგმა.

ცნობისთვის, ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებით, პირველ ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ გავიდა 27 მანდატით. ნეთანიაჰუსა და მის მოკავშირე პარტიებს 120-ადგილიან პარლამენტში, ჯამში, 53 მანდატი აქვთ, მისი მოწინააღმდეგე პარტიების კოალიციას, გადი ეიზენკოტის „იაშარს“ – 48 მანდატი, არაბულ პარტიებს კი – 19 მანდატი.

8 ნოემბერს ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა პარტია „იაშარის“ ხელმძღვანელს, გადი ეიზენკოტს მთავრობის ფორმირება დაავალა. ისრაელის კანონმდებლობით, პრეზიდენტი ვალდებული არ არის, მთავრობის ფორმირება არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატის მქონე პარტიის ლიდერს დაავალოს. მას შეუძლია, არჩევანი გააკეთოს იმ კანდიდატზე, რომელსაც სხვა პარტიებთან შეთანხმებისა და საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის მეტი შანსი აქვს. ეიზენკოტმა მთავრობის ფორმირება 42 დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს. როგორც მედია წერს, აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას თუ ვერ შეძლებს, ისააკ ჰერცოგი, სავარაუდოდ, ნეთანიაჰუს აირჩევს კოალიციის შესაქმნელად. ნეთანიაჰუც თუ ვერ მოახერხებს ფორმირებას, მთვარობის ფორმირების შანსი კიდევ ერთ კანდიდატს ექნება და მისი წარუმატებლობის შემთხვევაში, ისრაელში ახალი არჩევნები დაინიშნება.

ისრაელს ვიდრე ახალი მთავრობა ეყოლება, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად კვლავ ბენიამინ ნეთანიაჰუ დარჩება.

მსგავსი