სერგეი ლავროვი – რუსეთი სომხეთს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ არ გარიცხავს, თუმცა მისი ვალის საკითხი ღიად რჩება
რუსეთი სომხეთს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ არ გარიცხავს, თუმცა, ორგანიზაციის ფარგლებში, მისი ვალის საკითხი ღიად რჩება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვმა გაიხსენა, რომ ერევანი 2024 წლიდან წევრობის გადასახადს არ იხდის.
„ჩვენი ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ბიუჯეტის დავალიანება თუ ორწლიან პერიოდს გადააჭარბებს, ქვეყანამ უნდა დაკარგოს ხმის მიცემის უფლება. შესაბამისი პროექტი ხვალ კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს არ მიუღიათ სომხეთის განაცხადი ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ.
„ასეთი მოთხოვნა არ მიღებულა, ისევე, როგორც არ მიღებულა ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის მოთხოვნა, თუმცა ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც, მგონი, სომხეთში მიიღეს კანონი ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური პროცესის დაწყების შესახებ, რაც შეუთავსებელია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობასთან, რასაც, სხვათა შორის, თავად აღიარებენ სომეხი ლიდერები, მათ შორის, ნიკოლ ფაშინიანი“, – განაცხადა ლავროვმა.