კომპანია „ტრანსმშენი“ მზადაა, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს
კომპანია „ტრანსმშენი“ მზადაა, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს

კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N5-ში მშენებლობას ახორციელებს, მზადაა, სამშენებლო ობიექტზე გუშინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

როგორც საქართველოს პირველ არხს კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, მიხეილ გვარამაძემ განუცხადა, უშუალოდ უბედური შემთხვევის ადგილზე კომპანიის ქვეკონტრაქტორი „ხიმინჯ სერვის 2“ მუშაობდა, რომელიც მიმდინარე სამუშაოებსა და უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

„უშუალოდ უბედური შემთხვევის ადგილას მუშაობდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც უწევდა სპეციფიკური სამუშაოების ჩატარება. სპეციალურად ამისთვის დავიქირავეთ კომპანია „ხიმინჯ სერვის 2“, რომელიც პასუხისმგებელი იყო უშუალოდ მიმდინარე სამუშაოებზე და უსაფრთხოებაზე ჩვენი ხელშეკრულების მიხედვით. კომპანია იანვრიდან მუშაობდა ადგილზე. მერიამ ერთი კვირის წინ შეამოწმა პროექტის მიმდინარეობა, ეტაპები და დაადგინა, რომ დარღვევა არ ყოფილა, იქ უსაფრთხოების ნორმების გარკვევა არ ყოფილა“, – განაცხადა „ტრანსმშენის“ ტექნიკურმა დირექტორმა.

მისი თქმით, კომპანია ყოველდღე ამოწმებდა ობიექტს.

„კომპანიის მხრიდან თანამშრომლებს ინსტრუქტაჟი უტარდებოდათ და ყოველდღე მოწმდებოდა ობიექტი. უსაფრთხოების ინჟინერიც ყოველდღე ადგილზე იყო. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. გამოკითხვაზე ვიმყოფებოდით ჩვენც და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებიც“, – განაცხადა მიხეილ გვარამაძემ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.