„კოლხეთი 1913“ სეზონისთვის ურეკში ემზადება - გუნდში ბევრი ახალწვეულია #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი 1913“ ურეკში იმყოფება, სადაც სეზონის დაწყებისთვის მოემზადება. გუნდი წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 23 მარტს საქართველოს თასზე თბილისში „ვარკეთილის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ, ხოლო ლიგა 3-ში სეზონს 2 აპრილს დაიწყებს.
„კოლხეთი 1913“-მა მოსამზადებელი ეტაპი ფოთში დაიწყო და უკვე რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართა. ლანჩხუთის „გურია“ და ხობის „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ქედას „ბეთლემი“ – 4:1.
ახალი სეზონისათვის „კოლხეთი 1913“ გაძლიერდა – გუნდში ითამაშებს „გაგრას“ ყოფილი მეკარე ირაკლი ჩალიგავა, ფლანგის მცველი ლუკა ნადირაძე (რომელსაც დონეცკის „ოლიმპიკში“ უთამაშია), ცენტრალური მცველი დიმიტრი ჯახია (თბილისის „ლოკომოტივი“) და თავდამსხმელები ვანო წილოსანი, მათე ქომეთიანი და ნიკა ვანტალიანი. კვანტალიანი მადრიდის „ატლეტიკოს“ საფეხბურთოს აკადემიის აღზრდილია და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წვერი იყო. უთამაშია ბათუმის „დინამოში“, პოლონურ „ტერმალიკასა“ და „ვიძევში“, გასული სეზონი კი მან ქობულეთის „შუქურაში“ გაატარა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კრასოვსკიმ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:
მეკარეები: ლუკა ნანავა, ირაკლი ჩალიგავა
მცველები: გიორგი ბერაია, ნიკოლოზ გაბელაია, დიმიტრი ჯახია, თემურ ძაძამია, ლუკა ნადირაძე, გიორგი ნაფიშვილი, ნიკოლოზ კოკაია
ნახევარმცველები: გურამ ლეჟავა, ხუან მონროი ვარგასი, ლაშა გვალია, თამაზ შალიკაშვილი, ბექა კაკუშაძე, თენგიზ გოროზია, ვანო წილოსანი, ლუკა მახარაძე, თორნიკე კუპრავა, დემეტრე გვასალია, გიორგი ხარებავა
თავდამსხმელები: გურამ მახარაძე, მათე ქომეთიანი, ნიკა კვანტალიანი