კოხრეიძეს საფრანგეთში იწვევენ - ტრადიციული კლუბი სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს [ვიდეო] #1TVSPORT
„საბურთალოს“ თავდამსხმელი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს – ფრანგი ჟურნალისტის ინფორმაციას მოჰამედ ტუბაჩ-ტერი ავრცელებს. მისი ცნობით, მოლაპარაკების კონკრეტული დეტალებიც ცნობილია.
„ქართველი თავდამსხმელი, „საბურთალოს“ მოთამაშე გიორგი კოხრეიძე „გრენობლში“ ჩამოდის. კონტრაქტი სამწლიანი იქნება“ – წერს მოჰამედ ტუბაჩ-ტერი.
ფრანგული კლუბი კოხრეიძით ჯერ კიდევ 2019 წელს დაინტერესდა, მაგრამ შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. „საბურთალოს“ თავდამსხმელს დრო გაუცდა და მოედანზე მალე დაბრუნდება.
კოხრეიძე „საბურთალოს“ აღზრდილია. გუნდის მიერ მოპოვებულ სამივე ტიტულში დიდი წვლილი შეიტანა – ჩემპიონობაშიც, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასისა და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მოპოვებაში.
კოხრეიძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. ევროშესარჩევ ციკლში მან თავი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან გასვლით მატჩში გამოიჩინა.
რაც შეეხება „გრენობლს“, ეს ტრადიციული კლუბია, რომელიც 1892 წელს დააარსდა და დასრულებულ სეზონში საფრანგეთის მთავარ ლიგაში, ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობდა – „პარიზთან“ 2:0 მოიგო, მაგრამ „ტულუზასთან“ 0:3 დამარცხდა. „გრენობლის“ სახელით 2018–2019 წლებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური თამაშობდა.