კობა გვენეტაძე - ინფლაცია უკვე გლობალური ფენომენია და აღარ არის რომელიმე ერთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი
კობა გვენეტაძე - ინფლაცია უკვე გლობალური ფენომენია და აღარ არის რომელიმე ერთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი

ზოგადად, როდესაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ეს უკვე გლობალური ფენომენია, აღარ არის რომელიმე ერთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძის თქმით, სამეზობლოში ინფლაცია არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო.

„თუ შევხედავთ აშშ-საც, იქაც ინფლაცია დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს იმას, რომ არის გლობალური პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არის გლობალური გამოწვევა. გარკვეულწილად, როდესაც ფაქტორების გაანალიზება ხდება, გასათვალისწინებელია ის გაურკვევლობა, რაც ზოგადად პანდემიას თან სდევს, რადგანაც ერთდროულად რამდენიმე შოკი ხდება და შეუძლებელია გათვლა, თუ რა თანმდევი ეფექტები შეიძლება მოჰყვეს ან მოჰყოლოდა სხვადასხვა ნაბიჯებს.

ანუ, მაშინ, როდესაც დაიწყო პანდემია, ეს იყო 2020 წლის პირველი კვარტალი, ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ფისკალურ სტიმულზე, იმ სოციალურ დანახარჯებზე, იმ ჯანდაცვის დანახარჯებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და რომელმაც განვითარებად ქვეყნებში ფისკალური დეფიციტის ზრდა გამოიწვია. ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე ახალი საკითხები წამოვიდა. პანდემიასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები ბევრ ქვეყანაში და გლობალურად მაინც რჩება, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც ცნობილია, თუ რა მიმართულებით არის აქ წასვლა საჭირო. მაგრამ ამ სხვადასხვა განვითარებებმა უკვე მოამწიფა ის მიზეზები, რამაც ინფლაციის გაზრდა გამოიწვია“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მაგალითს რომ შევხედოთ, პანდემიამდე 2020 წლის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5 პროცენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პანდემიის გავლენის გამო ის 9.3 პროცენტამდე გაიზარდა, ანუ თავდაპირველ დეფიციტზე 3.7-ჯერ მეტი იყო.

„ასეთი დისპროპორციები გასაკვირი არ უნდა იყოს. ვართ ძალიან რთულ სიტუაციაში გლობალურად და დროთა განმავლობაში, როდესაც გადაივლის ეს ეფექტები და როდესაც დავუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც დაუბრუნდება ძველ მაჩვენებლებს.

ინფორმაციის მაღალი მაჩვენებლის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორები არის ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი მიზეზები. ეს არის მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასები. გარდა ამისა, საერთაშორისო გადაზიდვების ფასებიც არის ძალიან მომატებული და ზუსტად ეს ერთობლიობა იძლევა იმ სურათს, რომ გლობალურად, ისევე, როგორც საქართველოში ფასები არის გაზრდილი.

არ დაგვავიწყდეს, რომ შიდა მოთხოვნაც გაზრდილია. ეკონომიკურმა ზრდამ წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 13 პროცენტი შეადგინა. დაკრედიტების ზრდის ტემპიც საკმაოდ მაღალია. შეიძლება ითქვას, სასურველზეც უფრო მაღალია ასეთ სიტუაციაში და იმის გამო, რომ ჩვენთან ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი 2019 წლიდან არის, რუსეთის ფედერაციიდან ფრენების აკრძალვის გამო, ამან კიდევ უფრო რთული სიტუაცია შექმნა ინფლაციასთან დაკავშირებით. სწორედ ამ გარემოებების ფონზე იმისათვის, რომ დროებითი ფაქტორების შედეგად ფასების ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე მუდმივი გავლენა არ მოახდინოს, ეროვნული ბანკის ბანკის განზრახვა არის, რომ უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და საჭიროების შემთხვევაში, კიდევ უფრო გამკაცრებასაც მიმართოს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.