კლინსმანი შეერთებული შტატების ნაკრებში გამოიძახეს
კლინსმანი შეერთებული შტატების ნაკრებში გამოიძახეს

„ჰერტა ბერლინის“ მეკარე ჯონათან კლინსმანი, რომელიც ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, იურგენ კლინსმანის ვაჟია, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდში გამოიძახეს. ჯონათანს გერმანიისა და აშშ-ს მოქალაქეობა აქვს.

21 წლის ფეხბურთელი თავდაპირველად შემადგენლობაში შეყვანილი არ იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ძირითადმა მეკარე ზეკ სტეფენმა ტრავმა მიიღო, გუნდის მწვრთნელი იძულებული გახდა კლინსმანისთვის ეხმო.

ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იურგენ კლინსმანმა თავის შვილს ტვიტერის საშუალებით მიულოცა. „გილოცავ, ჯონათან. ისიამოვნე“, – წერია ლეგენდარული ფეხბურთელის გვერდზე.

მატჩებს, რომლისთვისაც კლინსმანი ნაკრებში გამოიძახეს, შეერთებული შტატების ნაკრები ლონდონსა და ბელგიის ქალაქ ხენკში გამართავს.

აღსანიშავია, რომ ჯონათან კლინსმანს გერმანიის ნაკრებშიც ექნება თამაშის საშუალება, თუ თავად ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ფიფას წესდების მიხედვით, ფეხბურთელს მხოლოდ მას შემდეგ არ ექნება ეროვნული გუნდის შეცვლის უფლება, რაც ერთ-ერთ ნაკრებში ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს.