უკრაინელების მომავალი ყველას გვაღელვებს - ბუნდესლიგის მოთამაშეებმა ემოციური ვიდეომიმართვა ჩაწერეს [ვიდეო] #1TVSPORT
უკრაინელების მომავალი ყველას გვაღელვებს - ბუნდესლიგის მოთამაშეებმა ემოციური ვიდეომიმართვა ჩაწერეს [ვიდეო] #1TVSPORT

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული აგრესიის დაწყებისთანავე, ბუნდესლიგამ ერთ-ერთმა პირველმა დაგმო რუსეთის ფედერაციის ანექსია და მხარი დაუჭირა უკრაინელ ხალხს.

მატჩების წინ ტარდებოდა უკრაინელთა მხარდასაჭერი აქციები, დაიწყო თანხების შეგროვება ადამიანების დასახმარებლად. ახლა კი ბუნდესლიგის მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა ემოციური ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერისკენ და დახმარებისკენ მოუწოდეს.

ვიდეოში ლაპარაკს იწყებს „ბაიერნის“ ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ომის პირველი დღეებიდან აქტიურად გამოდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ყველანაირად ეხმარება უკრაინას. მის გარდა, ვიდეოში ჩანან მატს ჰუმელსი, დანი ოლმო, ოლივერ გლასნერი, იურგენ კლინსმანი და სხვები.

„ომმა და ტანჯვამ უკრაინაში ღრმად შეგვაშფოთა. დღემდე შოკში ვართ უკრაინიდან გავრცელებული კადრებისგან. უკრაინელების მომავალი ყველა ჩვენთაგანს გვაღელვებს, სწორედ ამიტომაც გავიღეთ დახმარება. ჩვენი ფიქრები უდანაშაულო ადამიანებთანაა.

უკრაინაში სიტუაცია კატასტროფულია. სწორედ ამიტომაც, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა დაიწყო დახმარების შეგროვება. უკრაინაში ომი თითოეულ ჩვენგანს ეხება. დაეხმარე, როგორც შეგიძლია. ნებისმიერს შეუძლია დახმარება, ნებისმიერი საშუალებით.

ერთად დავეხმაროთ. სიძულვილი და ომი – გამოსავალი არ არის. ფეხბურთი ხელს უწყობს მშვიდობასა და დიალოგს. უკრაინაში მცხოვრებთ ახლა სჭირდებათ დახმარება. უკრაინა, შენ დღეს ჩვენს ფიქრებსა და გულებში ხარ.

მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. შემოგვიერთდით. ერთად უკრაინისთვის. ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვისაც ეს სჭირდება“, – ამბობენ ბუნდესლიგის ფეხბურთელები.

დატოვე კომენტარი