სტამბოლში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრების სამი წევრი ფინალურ ბლოკში გადავიდა და დღეს მედლებისთვის იბრძვის.
გუშინ წინასწარი შეხვედრები ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა, რომლებშიც ბექა როყვას გუნდიდან რვა სპორტსმენი ჩაერთო. საბოლოოდ ფინალში გასვლა მხოლოდ ლევან ქავჟარაძემ (63 კგ.) შეძლო. ბრინჯაოს მედლისთვის ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), მათე სოფაძე (97 კგ.) და გიორგი მელია (97 კგ.) იჭიდავებენ.
„ემრე-კაპლანის“ ტურნირზე, ფინალური ბლოკი სტარტს დღეს 18:30-იდან აიღებს, მანამდე კი დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის (60-67-77-87-130 კგ.) წინასწარი შეხვედრები გაიმართება, რომლებშიც შვიდი ქართველი ფალავანი იასპარეზებს.