ბერძნულ რომაული ჭიდაობა | ლერი აბულაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ რომაული ჭიდაობა | ლერი აბულაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძემ (63 კგ) ნახევარფინალში ფრანგ სტეფან კლემენს 3:1 სძლია და მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. კარიერაში პირველი ოქროს მედლის მოსაპოვებლად ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელ მურად მამადოვს ხვალ, 24 სექტემბერს დაუპირისპირდება.

დღეს ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ორმა მოჭიდავემ, ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ) ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. გუშინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბელგრადში ორი დღის წინ დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედალთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაინაღდეს. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, ჩვენი გუნდი მხოლოდ აშშ-სა და ირანს ჩამორჩა.