კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება – პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას სტუმრად საბერძნეთთან ჩაატარებს. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
საქართველო
„საბრძოლველად მზად ვართ, მატჩის დღეს თორნიკე შენგელია შემოგვიერთდება და საბერძნეთთან სრული შემადგენლობით ვიქნებით. კარგად ვაცნობიერებთ შეხვედრის მნიშვნელობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ“, – საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა დუდა სანაძემ ხაზი გაუსვა კაპიტნის როლს გუნდში.
„თორნიკემ ერთგვარად, მიგვაჩვია, რომ ევროლიგის მატჩის შემდეგ ეროვნულ გუნდში ჩამოდის სათამაშოდ. ამ გმირობისთვის, შემთხვევით ვისარგებლებ და თოკოს მადლობას გავადუხდი“, – ეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიქტორ სანიკიძის სიტყვებია.
ამ ფრაზებიდანაც ჩანს, რა როლი აქვს შენგელიას საქართველოს ნაკრებში. მან ეს საბერძნეთთანაც უნდა დაგვანახოს. „პანათინაიკოსის“ 18-ათასიანი არენა, წესითა და რიგით, ბოლომდე უნდა გაივსოს, „სავსე დარბაზი კი მატჩს ყოველთვის აძლევს დამატებით ხიბლს“, – ესეც ვიქტორ სანიკიძის სიტყვებია.
ფრთხილია ალექსანდარ ჯიკიჩი:
„თამაში ათენში იმართება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება დაგვჭირდება. ჩვენი გუნდი ამისთვის მზადაა.
ხუთი მოგება გვაქვს, საბერძნეთს – ოთხი. ისეთივე წნეხის ქვეშ ვიქნებით, როგორშიც საბერძნეთის ნაკრები. გამარჯვება ორივე გუნდს ძალიან სჭირდება, რადგან, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად შვიდი მოგებაც არ იყოს საკმარისი“.
სერბმა სპეციალისტმა გამოძახებულ კალათბურთელთაგან განაცხადს მიღმა მათე ყავლაშვილი და საბა გიგიბერია დატოვა, ამდენად, შემადგენლობაში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ:
გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, მარკის რიდი, გიორგი კობახიძე, კახაბერ ჭინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია.

საბერძნეთის ნაკრები
ჩვენს მეტოქეს, საბერძნეთის ნაკრებს გამოაკლდა გამოცდილი ნიკ კალატესი. ამ ფაქტს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდარ ჯიკიჩი ასე გამოეხმაურა: „ბერძნებს ჰყავთ ახალგაზრდა კალათბურთელები, რომლებიც კალატესს შეცვლიან. მათ ერთგვარი წნეხი მოხსნილი ექნებათ“.
თუ პირველ შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი, ვასილის სპანულისი ევროლიგის კალათბურთელებს არ (უფრო ვერ) იძახებდა, ამჯერად NBA-ის გარდა, ყველა ხელმისაწვდომ კალათბურთელს უხმო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მატჩის მნიშვნელობაზე.
„სწორედ საქართველოსთან მატჩია ის, რომელშიც მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იგივე უნდა გავაკეთოთ, რაც ესპანეთთან საშინაო შეხვედრაში. იმ თამაშის მოგებით ჩვენი ძალების კიდევ ერთხელ ვირწმუნეთ და ყველას ვაჩვენეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა რეალურია“, – აღნიშნა ვასილის სპანულისმა.
ტაილერ დორსი, მიხალ ლუნცისი, ვასილის ტოლიოპულოსი, ნიკოს ჩუკასი, პანაიოტის კალაიძაკისი, კოსტას პაპანიკოლაუ, ომიროს ნეციპოგლუ, ანტონის კარაგიანიდისი, კოსტას ანტეტოკუნმპო, ტანასის ანტეტოკუნმპო, კონსტანტინიოს მიტოგლუ, ალექსანდროს ნიკოლაიდისი.

ურთიერთშეხვედრები
საბერძნეთის ნაკრები ის გუნდია, რომელთანაც „ჯვაროსნებს“ ერთ-ერთი ყველაზე მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 2025 წლის ევრობასკეტზე ეს გუნდები ისტორიაში მეათედ დაუპირისპირდნენ.
პირველად ბერძნებს 1996 წელს ვეთამაშეთ, ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე. თბილისშიც დავმარცხდით და სტუმრადაც, თუმცა თბილისში ნამდვილად იყო გამარჯვების შანსი.
2011 და 2015 წლებში საბერძნეთის ნაკრებს ევრობასკეტებზე შევხვდით, პირველ შემთხვევაში მათი მწვრთნელი ილიას ზუროსი იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში მათ რიგებში იანის ანტეოკუნმპო თამაშობდა. 2015-ში იანისი არ იყო NBA-ს ჩემპიონი, არც MVP-ს ტიტული ჰქონდა მოგებული და ჩვენთან მატჩში დიდად არ გამოირჩა.
რაც შეეხება ევრობასკეტ 2025-ის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, გამარჯვება კვლავ ელინებს დარჩათ.
ერთადერთი მატჩი, რომელშიც ბერძნები დავამარცხეთ, ათენში შედგა, აკროპოლისის თასზე. 2017 წელს საქართველოს ნაკრებმა შემდეგ სერბეთსაც სძლია და ტურნირის ჩემპიონი გახდა.

გზა კატარისკენ
ნოემბრის ფანჯრის მატჩების შედეგებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე პირველად 2023 წელს იასპარეზა – იაპონიის კუნძულ ოკინავაზე კაბო ვერდე და ვენესუელა დაამარცხა, მეორე ეტაპზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ევროპის კონტინენტიდან 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, ექვსი სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. პირველ ეტაპზე საქართველო დანიას, ესპანეთსა და უკრაინას ეთამაშა. თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გადავიდა, სადაც ოთხი ახალი ექვსგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალსა და მარტში იმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ მეტოქეებს უპირისპირდებიან, რომლებსაც პირველ ეტაპზე არ შეხვედრიან. გუნდებს პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები მეორე ეტაპზეც გადაჰყვათ. საბოლოოდ, თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.
მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ჯგუფს ექვსი მოგებით უკრაინა ლიდერობს, ხუთ-ხუთი მოგება აქვთ საქართველოსა და ესპანეთს, ოთხ-ოთხი კი – საბერძნეთს, პორტუგალიასა და მონტენეგროს. არსებული სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბევრ რამეს ნოემბერში გასამართი ორი მატჩის შედეგები გადაწყვეტს.