კირ სტარმერი - მივესალმები რუსეთში დაკავებული რამდენიმე პატიმრის გათავისუფლებას, გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, დაიცვას პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსეთში დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას მიესალმება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„მივესალმები რუსეთში დაკავებული რამდენიმე პატიმრის გათავისუფლებას, მათ შორის ვლადიმერ ყარა-მურზას, პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის.
ჩემი ფიქრები მათთან და მათ ახლობლებთანაა, რომლებთან ერთადაც ისინი კვლავ გაერთიანდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, დაიცვას პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება“, – წერს სტარმერი.
პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელი. რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში პატიმრობიდან რვა მოქალაქე დაბრუნდა.