კინოთეატრ „ამირანთან“ და „გალერია თბილისთან“, სადაც ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული
კინოთეატრ „ამირანთან“ და „გალერია თბილისთან“, სადაც ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული

თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, ასევე „გალერია თბილისთან“, სადაც კინოთეატრი „კავეა“ მდებარეობს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

კინოთეატრებში დღესაც არის დაგეგმილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება, რომლის პრემიერასთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში გუშინ აქციები გაიმართა და ინციდენტებიც მოხდა.

ამასთან, „ვერის ბაღში“ უკვე მივიდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი და მათი თანამოაზრეები.

კინოთეატრ „ამირანის“ შესასვლელში სპეციალური დეტექტორებია დამონტაჟებული. მაყურებელს ფილმზე დასასწრებად სპეციალური შემოწმების გავლა დღესაც მოუწევთ.

ამასთან, როგორც კინოთეატრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, გუშინდელი აქციის მონაწილეების მხრიდან გარკვეულ ვანდალურ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც კინოთეატრის კუთვნილი ქონება დაზიანდა.

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.

ამასთან, კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, ორი ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.