კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, ორი ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს კი, 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, ორი ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს კი, 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

კინოთეატრ „ამირანთან“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 21 პირის საქმის განხილვა გადაიდო ერთს კი, 500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქციის 21 მონაწილის საქმის განხილვა 11 დეკემბრისთვის გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების გაცნობისთვის საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

ადმინისტრაციული სახდელი, 500 ლარი დაეკისრა მერაბ ჭიკაიძეს და იგი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო.

ასევე საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სასულიერო პირის ლევან ამირაჯების საქმე, რომელიც ასევე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და არ დაეთანხმა ადვოკატის შუამდგომლობას საქმის გადადების თაობაზე.

„არ მიგინებია, გაჩერდიო რომ მითხრეს, მაშინ არ დავემორჩილე და რომ მაწვებოდნენ, უნებურად ამათაც ვეჯახებოდი. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია“, – განაცხადა ლევან ამირაჯებმა.

სასამართლოზე დაკითხულმა სამართალდამცველმა თავის მხრივ განაცხადა, რომ დაკავებული არ ემორჩილებოდა პოლიციელების მოწოდებას.

„შევნიშნეთ მამაკაცი, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს იგინებოდა და გამოხატავდა აგრესიულ ქმედებებს, ჩვენი მოწოდების მიუხედავად განაგრძობდა აღნიშნულ ქმედებას, რის შემდეგაც, იგი დაკავებულ იქნა”, – განაცხადა სამართალდამცველმა სასამართლო სხდომაზე.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ აქციაზე დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.