კიმ კლაისტერსის დაბრუნება „დიდ სლემზე“ წარუმატებელი გამოდგა - აშშ-ის ღია, ქალები, I წრე
კიმ კლაისტერსის დაბრუნება „დიდ სლემზე“ წარუმატებელი გამოდგა - აშშ-ის ღია, ქალები, I წრე

ცნობილმა ბელგიელმა ჩოგბურთელმა კიმ კლაისტერსმა 2012 წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა „დიდი სლემის“ ტურნირზე – აშშ-ის ღია პირველობის საწყის რაუნდში ის 21-ე ნომრად განთესილ რუსს ეკატერინა ალექსანდროვას ხვდებოდა.

სამსეტიანი ბრძოლა რუსი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა – 3:6, 7:5, 6:1. არადა, აშშ-ის ღიას სამგზის ჩემპიონმა მატჩი კარგად დაიწყო, პირველ სეტში დომინირებდა და სრულიად დამსახურებულად დაწინაურდა სეტებში.

მეორე პარტიის სტარტზე ალექსანდროვამ ბრეიკი შეასრულა, მაგრამ კლაისტერსმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. და მაინც, ბელგიელს თანდათან დაღლა დაეტყო და მეორე სეტის ბოლოსკენ ალექსანდროვა მუდმივად იღებდა ბრეიკ-პოინტებს და მეოთხე ცდაზე შეძლო სეტბოლის გამოყენება.

მესამე სეტი კლაისტერსის ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ამას რუსის მხრიდან ზედიზედ ექვსი გეიმის მოგება მოჰყვა.

37 წლის კლაისტერსმა აჯობა მეტოქეს ბრეიკ-პოინტების რაოდენობით – 15 10-ის წინააღმდეგ, მაგრამ რეალიზაცია არ უვარგოდა: სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, ალექსანდროვამ – ხუთჯერ.