უკრაინული მედია - კიევში საქართველოს მოქალაქეები ძარცვის ბრალდებით დააკავეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში საქართველოს მოქალაქეებმა ოთხი ადამიანი გაძარცვეს. როგორც მედია იუწყება, ინციდენტი ანტონოვიჩის ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ცნობით, უკრაინაში ტურისტად ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა, ერთ ღამეში, ოთხი ადამიანი გაძარცვეს.
მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს ერთდროულად რამდენიმე პირმა შეატყობინა. მათ შორის ტაქსის მძღოლმა და ორმა უცხოელმა, რომელთაც საფულე, საათი და სამკაული მოპარეს. პოლიციამ დამნაშავეების დაკავება გვიან ღამით შეძლო.
მედიის ცნობით, დაკავების მომენტში მოქალაქეებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ერთ-ერთი მათგანი კი, მოპარული ნივთების გადაგდებას შეეცადა. დაკავებულების ნაწილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ერთ-ერთმა განაცხადა, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება აქვს მიღებული.
დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.