კიბოს ვაქცინები — რა არის, როგორ მოქმედებს და რა სახის კიბოებს კურნავს #1tvმეცნიერება
კიბოს ვაქცინები — რა არის, როგორ მოქმედებს და რა სახის კიბოებს კურნავს #1tvმეცნიერება

ვაქცინა იმუნოთერაპიის ერთ-ერთი ტიპია. თავის მხრივ, არსებობს რამდენიმე ტიპის ვაქცინა.

  • ვაქცინები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების, თუნდაც გრიპისგან გვიცავს;
  • ვაქცინები, რომლებიც კიბოსგან გვიცავს; ამის მაგალითია ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინა;
  • ვაქცინები, რომლებიც კიბოს მკურნალობაში გვეხმარება.

სტატიაში მოგითხრობთ კიბოს სამკურნალო ვაქცინებზე. ისინი ჩვენს იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობაში და მათზე თავდასხმაში ეხმარება. ასეთი ვაქცინები იმუნოთერაპიის ერთ-ერთ ტიპს წარმოადგენს.

ამ სფეროში მიმდინარე კვლევები ჯერ ადრეულ ეტაპზეა და შესაბამისად, ვაქცინები ძირითადად კლინიკური ცდების ფარგლებშია ხელმისაწვდომი.

რა არის ვაქცინა?

როგორც წესი, ვაქცინა დაავადებისგან დაცვაში გვეხმარება. ამზადებენ იმ დაავადების გამომწვევი ინფექციის შესუსტებული ან უსაფრთხო (ინაქტივირებული) ვერსიისგან, რომლისგან დასაცავადაც არის განკუთვნილი ვაქცინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა ამ დაავადების გამოწვევა არ შეუძლია.

როდესაც ვაქცინას გაიკეთებთ, ის თქვენს იმუნურ სისტემას ასტიმულირებს და მოქმედებაში მოჰყავს. მის საპასუხოდ, იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც შემდეგ დაავადების გამომწვევ ინფექციებს ცნობენ და თავს ესხმიან. მას შემდეგ, რაც სხეული ამ ანტისხეულებს გამოიმუშავებს, თუკი შემდეგ თქვენს ორგანიზმში ამ დაავადების გამომწვევი ინფექცია შეიჭრება, ეს ანტისხეულები მას ამოიცნობენ და გაანადგურებენ. შედეგად, თქვენ დაავადებისგან დაცული ხართ.

რას წარმოადგენს კიბოს სამკურნალო ვაქცინები?

მეცნიერები ვაქცინებს კიბოს შესაძლო სამკურნალო საშუალებად მიიჩნევენ.

შექმნილია ვაქცინები, რომლებიც კონკრეტული კიბოს უჯრედების ზედაპირზე არსებულ ცილებს ზუსტად იმავე გზით ცნობენ, როგორც სხვა დაავადებების გამომწვევი ინფექციებისას.

ანტიგენი არის ნივთიერება, რომელიც იმუნურ სისტემას მის წინააღმდეგ რეაგირებისკენ აღძრავს. მაგალითად, ვირუსს ზედაპირზე აქვს ანტიგენი, რომელიც იმუნურ სისტემას მასზე თავდასხმისკენ უბიძგებს. ზედაპირზე ანტიგენები აქვთ სხეულის ნორმალურ უჯრედებსაც და კიბოს უჯრედებსაც.

სიმსივნესთან დაკავშირებული ანტიგენები არის ცილები, რომლებიც კიბოს უჯრედებში გვხვდება. ნორმალურ უჯრედებს ეს ანტიგენები ან საერთოდ არ აქვთ, ან თუ აქვთ, გაცილებით მცირე რაოდენობით.

კიბოს სამკურნალო ვაქცინათა მიზანია, იმუნურ სისტემას ამ ანტიგენების ამოცნობაში დაეხმაროს, შემდეგ კი ამ ანტიგენების მქონე კიბოს უჯრედებს თავს დაესხას და გაანადგუროს.

კიბოს ვაქცინის ტიპები

მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო მრავალი სხვადასხვა სახის ვაქცინაზე მუშაობენ; სწავლობენ, როგორ მუშაობენ ისინი სხვადასხვა გზით. ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო, რათა ხელთ გვქონდეს სრული სურათი იმისა, რამდენად კარგად მუშაობს ამ სახის სამკურნალო საშუალება და რა სახის კიბოების განკურნება შეუძლია მას.

ამჟამად, მკვლევრები მთელ მსოფლიოში მუშაობენ კიბოს ვაქცინის შემდეგ ტიპებზე:

       ცილოვანი ან პეპტიდური ვაქცინები

ეს ვაქცინები დამზადებულია კიბოს უჯრედებში არსებული სპეციალური ცილებისგან ან ცილის მცირე ნაწილებისგან (პეპტიდები). მათი მიზანია იმუნური სისტემის სტიმულირება, რომ კიბოს თავს დაესხას. მეცნიერებმა კიბოს უჯრედების ცილების მრავალი გენეტიკური კოდი შეიმუშავეს და შედეგად, შეუძლიათ ლაბორატორიაში დაამზადონ დიდი რაოდენობით.

       ნუკლეინის მჟავაზე დაფუძნებული ვაქცინები

ნუკლეინის მჟავები უჯრედების საშენი მასალაა. ნუკლეინის მჟავებს შორისაა:

  • დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ);
  • რიბონუკლეინის მჟავა (რნმ);
  • ინფორმაციული რნმ (mRNA).

ნუკლეინის მჟავაზე დაფუძნებული ვაქცინები კიბოს უჯრედების ნუკლეინის მჟავების ნაწილებისგან მზადდება. ისინი ორგანიზმში ინიექციის სახით შეჰყავთ, რის შემდეგაც, იმუნური სისტემის უჯრედები უკეთესად ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. ამ ვაქცინებს კიბოს უჯრედების დნმ-სა და რნმ-ის ნაწილებისგან ამზადებენ.

       უჯრედებზე დაფუძნებული ვაქცინები

მოიცავს მთლიანი უჯრედისა ვაქცინებს და დენდრიტული უჯრედების ვაქცინებს

მთლიანი უჯრედის ვაქცინის შესაქმნელად, არა მხოლოდ უჯრედის კონკრეტულ ანტიგენს, არამედ კიბოს მთლიან უჯრედს იყენებენ. კიბოს უჯრედებს ლაბორატორიაში ისე ცვლიან, რომ იმუნურ სისტემას მათი პოვნა გაუადვილდეს.

მეცნიერები ვაქცინას ან თქვენი საკუთარი კიბოს უჯრედებისგან ამზადებენ, ან სხვა ადამიანის კიბოს უჯრედებისგან ან ლაბორატორიაში გაზრდილი კიბოს უჯრედებისგან.

დენდრიტული უჯრედები იმუნურ სისტემას პათოლოგიური უჯრედების ამოცნობასა და თავდასხმაში ეხმარება; მაგალითად, კიბოს უჯრედების. ვაქცინის დასამზადებლად, მეცნიერები დენდრიტულ უჯრედებს ლაბორატორიაში ზრდიან კიბოს უჯრედებთან ერთად. ამის შემდეგ, ვაქცინა იმუნურ სისტემას კიბოზე თავდასხმისთვის ასტიმულირებს.

       ვირუსული ვაქცინები

მეცნიერებს შეუძლიათ, ლაბორატორიაში ვირუსები ისე შეცვალონ, რომ მათი საშუალებით ადამიანის სხეულში კიბოს ანტიგენები შეიტანონ. ვირუსებს ისე ცვლიან, რომ ათ რაიმე დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლიათ. შეცვლილ ვირუსს ვირუსული ვექტორი ეწოდება.

სხეულში კიბოს ანტიგენების შესაყვანად, ზოგიერთი ვაქცინა ვირუსულ ვექტორს იყენებს. თქვენი იმუნური სისტემა ვირუსულ ვექტორზე რეაგირებს. ეს კი შემდეგ თქვენს იმუნურ სისტემას ეხმარება კიბოს ანტიგენის ამოცნობაში და კიბოზე თავდასხმაში.

კიბოს პრევენციული ვაქცინები

ამჟამად მსოფლიოში დამტკიცებულია კიბოს პრევენციული ორი ვაქცინა

       ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინა

ეს ვაქცინა პრევენციულად მოქმედებს ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ. ეს ვირუსი იმდენად გავრცელებულია, რომ სქესობრივი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, თითქმის ყველა ადამიანს ხვდება, თუკი მათ პაპილომავირუსის ვაქცინა არ აქვთ მიღებული. პაპილომავირუსის ქრონიკული ინფექცია რამდენიმე ტიპის კიბოს იწვევს, მათ შორის, საშვილოსნოს ყელის კიბოს, თავის და კისრის კიბოს, ანალურ კიბოს, პენისის კიბოს, ვაგინის კიბოს და ვულვის კიბოს. ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს ამ სიმსივნეების რისკს.

       B ჰეპატიტის ვაქცინა

B ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) იწვევს. დაავადების სიმწვავე შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი (გრძელდება რამდენიმე კვირას), ისე სერიოზულად გრძელვადიანი (ქრონიკული), რამაც შეიძლება ღვიძლის კიბო გამოიწვიოს. B ჰეპატიტის ვაქცინის გაკეთება ღვიძლის კიბოს რისკს ამცირებს.

კიბოს სამკურნალო ვაქცინები

კიბოს თერაპიული ვაქცინები უკვე კიბოს განვითარების შემდეგ გამოიყენება და არა მისი პრევენციისთვის. თერაპიული ვაქცინები ადამიანის ორგანიზმს ასწავლის, როგორ დაიცვას თავი მისივე საკუთარი დაზიანებული ან პათოლოგიური უჯრედებისგან, მათ შორის, კიბოს უჯრედებისგან.

კიბოს სამკურნალო ვაქცინები იმუნურ სისტემას კონკრეტული ტიპის კიბოების ანტიგენების ზემოქმედების ქვეშ ამყოფებს. ეს ვაქცინები იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობისა და განადგურების საშუალებას აძლევს. ასეთი ვაქცინები შეიცავს კონკრეტულ ანტიგენსა და იმუნური სისტემის კიდევ ერთ აღმძვრელს, რასაც დამხმარე ნვთიერებას უწოდებენ.

კიბოს სამკურნალო ვაქცინებს შეუძლია:

  • შეაჩეროს კიბოს ზრდა და გავრცელება;
  • გაანადგუროს ქირურგიული ჩარევის ან რადიოთერაპიის შემდეგ ორგანიზმში მაინც დარჩენილი კიბოს უჯრედები;
  • არ დაუშვას კიბოს უკან დაბრუნება მკურნალობის შემდეგ.

კიბოს სამკურნალო ვაქცინების გამოწვევები

კიბოს უჯრედები წარმოქმნიან მოლეკულებს, რომლებიც იმუნურ რეაქციას თრგუნავენ. იმ შემთხვევაშიც კი, ვაქცინამ რომ იმუნური უჯრედების გააქტიურება შეძლოს, ამ უჯრედებმა შეიძლება ვერ მოახერხონ სიმსივნურ ზონაში შესვლა. და თუ მაინც შევიდნენ, შეიძლება მყისიერად გაითიშონ.

კიბოს უჯრედები თავიდან ნორმალურ უჯრედებს ჰგვანან და იმუნური უჯრედებისთვის საფრთხედ არ გამოიყურებიან. ამიტომ, იმუნურ სისტემას მათი დაფიქსირება და თავდასხმა უჭირს.

შეიძლება ძნელი იყოს კონკრეტული კიბოს ანტიგენების პოვნა. თუ ანტიგენი ჩვეულებრივ უჯრედებზეცაა წარმოდგენილი და პათოლოგიურ უჯრედებზეც, ვაქცინა ნორმალურ უჯრედებსაც დაესხმევა თავს. ამას კი არასასურველი გვერდითი ეფექტები მოჰყვება.

კიბო შეიძლება ზედმეტად დიდი იყოს. დიდ სიმსივნეებს უფრო მეტი აქვთ იმუნური სისტემის დამთრგუნველი უჯრედები, რაც არაეფექტიანს ხდის იმუნური უჯრედების მიერ მათზე თავდასხმას. ამის გამო, შეიძლება მოხდეს ვაქცინის კომბინირება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ზოგიერთ ადამიანს შესუსტებული იმუნური სისტემა აქვს. ხანდაზმულებმა და მრავალმა სხვამაც — განსაკუთრებით კიბოს მქონეებმა, შესაძლოა, ვაქცინაზე საკმარისად კარგი რეაგირება ვერ შეძლონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმუნურმა უჯრედებმა ვაქცინის სიგნალი მიიღეს, შეიძლება ვერ მოახერხონ საკმარისად ძლიერი თავდასხმა.

კიბოს სამკურნალო დამტკიცებული ვაქცინები

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ უკვე დამტკიცებულია სხვადასხვა სახის კიბოს რამდენიმე ვაქცინა

       პროსტატის კიბოს ვაქცინა

Sipuleucel-T (Provenge®) გამოიყენება პაციენტებში, რომელთა პროსტატის კიბოს უკვე მეტასტაზები აქვს გავრცელებული. დამზადებულია ორგანიზმიდან აღებული ზოგიერთი იმუნური უჯრედისგან, რომლებსაც ამყოფებენ პროსტატის კიბოს მოლეკულების ზემოქმედების ქვეშ; ამის შემდეგ, ისინი კვლავ უკან, ორგანიზმში შეჰყავთ. ამ ვაქცინამ პროსტატის მეტასტაზური კიბოს პაციენტების გადარჩენის მაჩვენებლის ზრდა აჩვენა.

       შარდის ბუშტის კიბოს ვაქცინა

კალმეტ-გერენის ბაცილა (ბცჟ) გამოიყენება შარდის ბუშტის კიბოს ადრეული სტადიის სამკურნალოდ. დამზადებულია ტუბერკულოზის ინაქტივირებული ბაქტერიისგან. მას შემდეგ, რაც ბცჟ-ს (BCG) შარდის ბუშტში კათეტერით, სითხის სახით შეიყვანენ, ასტიმულირებს იმუნურ უჯრედებს, რომლებიც შემდეგ თავს ესხმიან შარდის ბუშტის კიბოს უჯრედებს.

Adstiladrin® დამტკიცებულია შარდის ბუშტის კიბოს იმ ადრეული სტადიების სამკურნალოდ, რომლებზეც ბცჟ-ს არ ჰქონდა ეფექტი. შედგება ინჟინერიით დამუშავებული, შესუსტებული ვირუსისგან, რომელიც შარდის ბუშტში იმუნურ პასუხს ასტიმულირებს. ბცჟ-ს მსგავსად, შარდის ბუშტში ისიც კათეტერით შეჰყავთ.

ვირუსული ვაქცინა T-VEC (ტალიმოგენი ლაჰერპარეპვეცი), იგივე Imlygic-ი. ის ჩვეულებრივი ჰერპესის ვირუსს იყენებს. ვირუსში გენები ისეა შეცვლილი, რომ უკვე იცის, როგორ მოიქცეს. ეს ცვლილება ვირუსს ეუბნება, რომ გაანადგუროს კიბოს უჯრედები და დააიგნოროს ჯანმრთელი უჯრედები.

T-VEC განკუთვნილია კანის მელანომის მქონი ზოგიერთი იმ პაციენტისთვის, რომელთა კიბოს ქირურგიულად ამოკვეთა შეუძლებელია. T-VEC-ს ინიექციის სახით პირდაპირ მელანომაში შეყავთ.

გვერდითი ეფექტები

კიბოს სამკურნალო ვაქცინები ძლიერ ახალია. ამიტომ, შესაძლოა ჰქონდეთ ისეთი გვერდითი ეფექტებიც, რომელთა შესახებ ჯერ ცნობილი არ არის.

გვერდითი ეფექტები, რომელთა შესახებაც ვიცით, წარმოადგენს ინფექციურ დაავადებათა საწინააღმდეგო ასეთივე ვაქცინათა გვერდით ეფექტებს. მათ შორის შეიძლება იყოს:

  • შეწითლება, შესიება, მსუბუქი ტკივილი ან ქავილი ინიექციის ადგილზე;
  • გრიპის მსგავსი სიმპტომები — სისუსტე ან მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში.

მომზადებულია Cancer Research UK-ისა და Memorial Sloan Kettering Cancer Center-ის მიხედვით.