მძღოლები ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქციას მართავენ
მძღოლები ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქციას მართავენ

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. გადამზიდავები ფინანსთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, სახმელეთო გზით ხორბლის შემოტანა უნდა აიკრძალოს.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე რჩებიან და სერიოზული პრობლემები ექმნებათ, რადგან უმეტესობას ბანკის კრედიტი აქვს.

აქციის მონაწილეები მთავრობას, კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ და გადაწყვეტილების შესაცვლელად ორდღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომაგისტრალების გადაკეტვით იმუქრებიან.

თბილისში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო. გადამზიდავებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ხორბლის შემოტანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელა. შემოსავლების სამსახური დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ხორბლის იმპორტიორებს მოუწოდებს, შექმნან საინიციატივო ჯგუფი.