ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მერაბ მორჩაძე დაიკითხება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მერაბ მორჩაძე დაიკითხება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მერაბ მორჩაძე დაიკითხება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარეს ეკუთვნოდა. ასევე პროკურატურას ჰქონდა შუამდგომლობა მორჩაძის განაჩენის მტკიცებულებად დართვაზე, რაც ასევე დაკმაყოფილდა.

მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმადაც, მან მოწმეზე, მ.კ-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზემოქმედება მოახდინა. ასევე დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა, რომ საქმისათვის დაერთოთ მტკიცებულებად მირზა სუბელიანის მედიაში გავრცელებული ჩანაწერი, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოში დავობს ორივე მხარე.

„ბრალდების მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა მერაბ მორჩაძის განაჩენის დართვაზე, სადაც ის ცნობილი იქნა დამნაშავედ მოწმეზე ზემოქმედებაზე, დაცვის მხარემ კი ითხოვა მერაბ მორჩაზის დაკითხვა. ეს ორივე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ასევე დაცვის მხარე ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის დართვას ითხოვდა და ჩვენ კი ვაცხადებდით, რომ ჩანაწერს ექსპერტიზა სჭირდებოდა. საუბარია მირზა სუბელიანის ჩანაწერზე, ჯერ კი ავთენტურობის საკითხია დასადგენი. ამაზე უარი თქვა სასამართლომ“, – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

პროკურატურა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის შეცვლილ კვალიფიკაციას ასაჩივრებს, დაცვის მხარე კი გამამტყუნებელ განაჩენს. სხდომაზე ასევე მივიდა დაზარალებული ზაზა სარალიძე, რომელმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და თქვა, რომ საქმის პროკურორებს მასთან კომუნიკაცია არ აქვთ.

სამართალდამცავებმა მ.მ. თბილისში 2018 წლის 8 ივნისს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამავე დროს არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.