ბრალის აღიარებისა და დამნაშავედ ცნობის შემდეგ, მერაბ მორჩაძეს ორი წლით პირობით სასჯელი მიესაჯა და პატიმრობიდან გათავისუფლდა
ბრალის აღიარებისა და დამნაშავედ ცნობის შემდეგ, მერაბ მორჩაძეს ორი წლით პირობით სასჯელი მიესაჯა და პატიმრობიდან გათავისუფლდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მორჩაძეს ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.

საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული. მან მიმართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, ამის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით

მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მ.კ-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზემოქმედება მოახდინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა.