ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოში სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოში სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოში სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, ამის მიზეზი საქმის პროკურორები გახდნენ, რომლებიც როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, მასთან კომუნიკაციაში არ შედიან და ინფორმაციას არ აწვდიან.

„პროკურორები არიან ჩემი უფლებაწარმომადგენლები. ადამიანი გამოდის, ზედაც არ მიყურებს. მივდივარ, ვეკითხები რაღაცებს, ვერ ვგებულობ, ვინ არიან ეს პროკურორები, შეიცვალნენ, ასე თამაშობენ და დახტიან აქეთ-იქით. პროცესს არ დავესწრები, აზრი არ აქვს. ჩემი უფლებაწარმომადგენელი ზედაც არ მიყურებს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

პირველი ინსტანციის განაჩენით, გ.ჯ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა, წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობისთვის. სასჯელის ვადად კი, ცხრა წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვან გ.ბ-ს ბრალად ედებოდა როგორც დავით სარალიძის, ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის და სასჯელის ვადად განესაზღვრა 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

პროკურატურა განაჩენს სწორედ შეცვლილი კვალიფიკაციის ნაწილში ასაჩივრებს. გ.ჯ-ს ადვოკატების ინფორმაციით, მეორე ინსტანციაში, შემდეგ სხდომაზე ისინი ახალ მტკიცებულებას წარადგენენ – ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც ბრიტანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოშიც დახურულ რეჟიმში წარიმართება.