ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ღ-ს სასჯელის ვადას სასამართლო დღეს გამოაცხადებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ღ-ს სასჯელის ვადას სასამართლო დღეს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, დ.ღ-ს სასჯელის ვადას დღეს განუსაზღვრავენ. პროცესზე სასამართლო მსჯავრდებულის სასჯელის სახესა და ზომაზე იმსჯელებს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილი ნებისმიერი სასჯელის ზომა იქნება უკანონო და დაუსაბუთებელი. მისი თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და დ.ღ-ს უდანაშაულობას დაამტკიცებენ.

„პოლიტიკური სასამართლო და პოლიტიკოსი მოსამართლე დ.ღ.-ს დღეს დაუნიშნავს სასჯელს. წინასწარ ვაცხადებ, რომ ეს იქნება უკანონო, ვინაიდან მოსამართლემ სრულიად უდანაშაულო ბავშვი ცნო დამნაშავედ და გახდა იმ სიბინძურის მონაწილე, რომელსაც პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა დ.ღ-ს მიმართ. აქედან გამომდინარე, რა სასჯელიც უნდა დაუნიშნონ, ეს იქნება უკანონო და დაუსაბუთებელი. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე სანამ არ დავამტკიცებთ დ.ღ-ს უდანაშაულობას,“- განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.

16 მაისს, დ.ღ. სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნო. დ.ღ-სთვის წაყენებული ბრალდება ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის ერთ-ერთია, რომელიც 2017 წლის პირველ დეკემბერს დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა.